logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"3 თვის შემდეგ გადავხედავთ ენერგიის ბალანსს და მივიღებთ გადაწყვეტილებას" - დავით ნარმანია ელექტროენერგიის ტარიფზე

3 თვის შემდეგ გადავხედავთ ენერგიის ბალანსს და მივიღებთ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში"  დროებითი ტარიფის დაწესების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტებია ინვესტიციების საჭიროება, ქსელის მდგომარეობა, ენერგიის ხელმისაწვდომობა და ფასები.

"კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს განსაზღვრული ვადით კონკრეტული ტარიფის თქმას. ამ შემთხვევაში კანონით განსაზღვრული არ არის რა უნდა იყოს ეს ტარიფი, თუმცა ჩვენ არსებული ტარიფი 3 თვის განმავლობაში ძალაში დავტოვეთ. ამ პერიოდში უნდა დაზუსტდეს გენერაციის მოცულობები სხვადასხვა სადგურიდან. ჩვენ წერილობით მოგვმართეს ენერგიის მიმწოდებლებმა - როგორიც არის "თელმიკო" და "ენერგო პრო ჯორჯია", რომ გამოგვეყენებინა ეს უფლებამოსილება. 

მარეგულირებელმა კომპანიამ ძალიან ბევრი რამ უნდა დათვალოს და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ეს არის ინვესტიციების საჭიროება, ქსელში არსებული მდგომარეობა და სხვ. ერთი კომპონენტია ინვესტიციები და მეორე კომპონენტია, რამდენად იაფი და ხელმისაწვდომი ენერგია გექნება. ამ პერიოდის განმავლობაში ვნახავთ, როგორი იქნება ჰიდროლოგია. რაც უფრო მეტი ჰესი გამოიმუშავებს იაფ დენს, მით უფრო ეს შეღავათია ტარიფისთვის. ამიტომ, ჩვენ ტარიფის დაანგარიშების დროს გენერაციის ნაწილში წინასწარ პროგნოზებს ვითვალისწინებთ და შემდგომ ფაქტობრივი მდგომარეობა რაც იქნება შემდეგი ტარიფის გადაანგარიშების დროს ფაქტზე ვასწორებთ ამ საპროგნოზო მოცულობას. ასევე, მნიშვნელოვანია კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულებების ფორმულა. კაპიტალის საშუალო უკუგების ნორმა არის - ჩადებულ ინვესტიციაზე უკუგების სახით რაც უნდა მიიღოს ინვესტორმა", - აცხადებს დავით ნარმანია. 

ცნობისთვის, სემეკმა დროებითი ტარიფი დაადგინა, შედეგად ელექტროენერგიაზე დღეისთვის არსებული ტარიფი შემდეგი 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდება.

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის 3 თვით გადავადებას ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს. ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

გამოგვყევით