განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით იმპორტდამოკიდებულების შემცირება და იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების ჩანაცვლება უნდა უზრუნველვყოთ, - ამის შესახებ სააქციო საზოგადოება "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორთა საბჭოს წევრმა და დირექტორმა ოპერატიული რეჟიმების და დისპეტჩერიზაციის საკითხებში გიორგი ამუზაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება 10-წლიანი გეგმის შემუშავება, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ დოკუმენტს წარმოადგენს.
"10 წლიანი გეგმის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ძალიან საჭირო დოკუმენტია. აღნიშნული 2015 წლიდან მუშავდება. ამჟამად, ვმუშაობთ ისეთ საკითხებზე როგორიც არის განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენს ინფრასტრუქტურულ ქსელში. ამიტომ ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით ამ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებას. განსაკუთრებით გაზრდილია ისეთი განახლებადი ენერგიების წყაროების მიერთებებზე მოთხოვნები როგორიც არის მზისა და ქარის ელექტრო სადგურები. ჩვენს კომპანიაში გაზრდილი მოთხოვნის დამუშავება ინტენსიურად დაიწყო.
ჩვენი ელექტროენერგეტიკული სისტემის დადგმული სიმძლავრე არის 4700 მგ.ვ და განახლებადი ენერგიის იმ კომპონენტით უნდა მოხდეს ქსელში ინტეგრაცია, რომ სისტემა იყოს უსაფრთხო და დაბალანსებული. გარდა ამისა, უნდა უზრუნველვყოთ იმპორტდამოკიდებულების შემცირება ამ განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით და ჩანაცვლება იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების. რა თქმა უნდა, სრულად ვერ ჩავანაცვლებთ, მაგრამ ნაწილობრივი ჩანაცვლება მაინც უნდა განვახორციელოთ", - აცხადებს გიორგი ამუზაშვილი.