საერთაშორისო სანავთობო და ოქროს ბირჟებზე რყევები გრძელდება. ბოლო დღეებში, ნავთობის გლობალური ფასი, კვლავ ზრდას აჩვენებს.
Reuters-ის ინფორმაციით, დღეისათვის, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 63 დოლარად ივაჭრება. ანალიტიკოსები, ნავთობის გაძვირებას ირანსა და ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ. მათივე შეფასებით, ნავთობზე ფასების ზრდას ბაზარზე მისი მიწოდების შეფერხების რისკები აჩენს, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია ირანში მიმდინარე პროტესტთან. ქვეყანაში, რომელიც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, ანტისამთავრობო გამოსვლები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ცხადია, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა და კონფლიქტების ესკალაცია ფასებს ზრდისკენ უბიძგებს ოქროს ინდუსტრიაშიც. მეტიც, ოქროს ბირჟებზე ფასების მატება კიდევ უფრო თვალშისაცემია, ვიდრე საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე.
12 იანვრის მდგომარეობით, ძვირფასი მეტალის ფასმა ყველა დროის ისტორიული რეკორდი მოხსნა და 1 უნციაზე 4,620 დოლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ბოლო დღეს, ანუ 31 დეკემბერს, ძვირფასი მეტალი 4529 დოლარად ივაჭრებოდა, შესაბამისად, ამ დრომდე, მისი ღირებულება თითქმის 100 დოლარით გაიზარდა.