საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში(GCCA), 2024 წლის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 890 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 6350 შეადგინა.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასრულებული საქმეების 90% მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენდა - 70% ქალი და 30% მამაკაცი.
- ერთი წლის პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 102 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 198 საქმეზე.
- GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 56 მოვაჭრეს - 92 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 60 000 ლარი.
- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 193 საქმეზე - 163 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
2024 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 4%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი 3% და სხვა რეგიონები.
საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა - 317, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე - 253, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე - 147, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე - 47, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე - 37, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე - 35, ხოლო სხვა დანარჩენზე - 54 განაცხადი.
ერთი წლის მონაცემების მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს.
მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20,"-აღნიშნულია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.