logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"არის პრეცედენტები, როდესაც ერთი ურჩი დამქირავებლის გამო, შესაძლოა, ბინის მესაკუთრე გაკოტრდეს"

"ასეულობით მოქალაქე საკუთარი უძრავი ქონებიდან ურჩ მდგმურს ვერ ასახლებს. უძრავი ქონების საკითხებზე მომუშავე ადვოკატები ე.წ საპოლიციო გამოსახლების წესის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბინათმესაკუთრეთა უფლებები საქართველოში სათანადოდ დაცული არ არის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  OK & CG-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა  ოთარ კაჭკაჭაშვილმა  განუცხადა, არის შემთხვევები, როდესაც ბინების მესაკუთრეებს არაკეთილსინდისიერი მდგმური, საკუთარი სახლიდან წლობით ვერ გაჰყავთ.

"ასეთ დროს მათ ერთადერთი ბერკეტი აქვთ, რომ მიმართონ სასამართლოს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სასამართლოში საქმე 2-დან 5 წლამდეც კი შეიძლება გაჭიანურდეს. აქედან გამომდინარე, არის პრეცედენტები, როდესაც ერთი ურჩი დამქირავებლის გამო, შესაძლოა, ბინის მესაკუთრე გაკოტრდეს. როგორც იცით, საქართველოში უამრავი ადამიანისთვის, უძრავი ქონების გაქირავება შემოსავლის მთავარი წყაროა. ამიტომ, ხშირად ისინი ბინის შესაძენად და შემდგომ გასაქირავებლად, საბანკო სესხს იღებენ და შემთხვევით, თუ დამქირავებელი არაკეთილსინდისიერი გამოდგა, მესაკუთრეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება დამრღვევი პირის ბინაში შეშვება, რადგან ერთი მხრივ, ვერ იღებს ქირას, მეორე მხრივ კი ბანკის სესხი აქვს გადასახდელი. შესაბამისად, ამ ტიპის ბინის მესაკუთრესთვის, ურჩი მდგმური განსაკუთრებულ ფინანსურ წნეხს წარმოადგენს“, - განმარტა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

ოთარ კაჭკაჭაშვილი მიიჩნევს, რომ საპოლიციო გამოსახლების აღდგენა სასწრაფო და გადაუდებელია. თუმცა, შესაძლოა, შეიცვალოს ფორმა. მათ შორის, როგორც OK & CG-ის დამფუძნებელი და დირექტორი აღნიშნავს, კარგი იქნებოდა ვადების გახანგრძლივება. თუ ადრე, პოლიციის მიერ ურჩი მდგმურის გამოსახლება ერთი თვის ვადაში ხდებოდა,  შესაძლოა, ეს ვადა რამდენიმე თვემდე გაიზარდოს, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ თავად უძრავი ქონების ბიზნესის წარმომადგენლებმა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენა სხვადასხვა დროს რამდენჯერმე მოითხოვეს, მათ შორის 2022 წელს, როცა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, საქართველოში მიგრანტების რიცხვი გაიზარდა და გახშირდა შემთხვევები, როდესაც ეს პირები ბინებს ქირაობდნენ, შემდეგ კი ქირას არ იხდიდნენ, მაგრამ არც სხვის საკუთრებას ტოვებდნენ. კანონიერ მფლობელს კი უფლება არ ჰქონდა, ისინი ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესით გამოეყვანა საკუთარი სახლიდან.

საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენის გარდა, დარგის ექსპერტები გამოსავლად მიიჩნევენ იმასაც, რომ ეს ქმედება, ანუ სხვის ქონებაში უკანონოდ ყოფნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდეს. ექსპერტების განმარტებითვე, სხვის ქონებაში უკანონოდ შესვლა თუ დანაშაულია, ასევე უნდა იყოს არ გამოსვლაც, რადგან მართლზომიერი მესაკუთრის უფლებები ირღვევა.

შეგახსენებთ, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წლის 29 დეკემბერს გაუქმდა. ამ ცვლილებით უკანონოდ მითვისებული ქონების, კანონიერ მესაკუთრესთან გადასვლის წესები მნიშვნელოვნად გართულდა, რადგან თუ 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან - პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა  მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი, რასაც ხშირ შემთხვევაში, ერთ წელზე მეტი დრო სჭირდება.

გამოგვყევით