კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის, აღნიშნულ პროცესში მეტი დაინტერესებული სკოლის ჩართვისა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების სწავლებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, კონფერენცია „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება - მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომები“ გაიმართა. ღონისძიებას მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ დახუნდარიძემ, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლის მოადგილემ, ემი ქლენსმა გახსნეს, რომლებმაც მედიაწიგნიერებაზე, როგორც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ აუცილებელ კომპეტენციასა და მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
გახსნითი ნაწილის შემდგომ, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების თვალსაზრისით, ComCom-ის მიერ მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მისი განცხადებით, ComCom-ის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე UNICEF-ის ერთობლივი ძალისხმევით დაწყებულმა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტმა, შედეგების თვალსაზრისით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა, რომ პროექტი 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, ამასთან, აქტიურად მიმდინარეობდა მთელი საქართველოს მასშტაბით მასწავლებლების გადამზადება მედიაწიგნიერების სწავლებაში, რის შემდეგაც, 2023-ში, მედიაწიგნიერების საგანი 6-მა საჯარო სკოლამ, ხოლო 2024-ში 227-მა სკოლამ აირჩია.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია „მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომები მედიაწიგნიერების სწავლებაში - გამოცდილების გაზიარება“, რომელსაც მოდერაციას მედიაწიგნიერების ტრენერი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, მანანა ჯინჭარაძე უწევდა. დისკუსიაში კი მონაწილეობას მედიაწიგნიერების მკვლევარი, ნატო ინგოროყვა, თბილისის 105-ე საჯარო სკოლის დირექტორი, სოფიო ხვედელიძე და ასევე მედიაწიგნიერების მასწავლებლები, თეა დიხამინჯია და ნონა აროსიანი იღებდნენ. პანელის ფარგლებში განხილული იყო მედიაწიგნიერების საგნის ფარგლებში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მეთოდები, საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა და შემეცნებითი აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები მედიაგზავნილების გაფილტვრას, ციფრულ სივრცეში უსაფრთხოდ ნავიგაციას, დეზინფორმაციის აღმოჩენასა თუ სიმართლის დადგენას, ასევე კიბერსაფრთხეების თავიდან არიდებასა და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას სწავლობენ. ამასთან, დისკუსია დაეთმო სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების კუთხით არსებულ საჭიროებებს და გეგმებს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს მედიაწიგნიერების სწავლების ალტერნატიულ შესაძლებლობებზე, მხარდაჭერის სტრატეგიებსა თუ ისეთ დამატებით აქტივობებზე, როგორებიცაა სასკოლო კლუბები და სხვა.
კონფერენცია „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება - მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომები“ სამომავლოდ ქალაქ ქუთაისშიც გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში სისტემური ინტეგრაციის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.