ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში მეორადი ავტომობილების იმპორტი გაძვირდა. ავტოიმპორტიორი კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ ადგილობრივ მომხმარებელს მანქანის შეძენა, დაახლოებით, 10-15%-ის ფარგლებში გაუძვირდა. ამ ფონზე, 2025 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ავტოდილერები რაოდენობაში, მანქანების რეალიზაციის კლებაზე საუბრობენ.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „კავკასიის ავტოიმპორტის” კომერციულმა დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ განუცხადა, მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მანქანების რაოდენობაში კლება შეინიშნება როგორც იმპორტის, ისე რეექსპორტის მაჩვენებლებში, თუმცა, ღირებულების ნაწილში ზრდაა.
რაც შეეხება რაოდენობაში კლების მიზეზს, დარგის ექსპერტები ბაზრების გაჯერებას ასახელებენ და ამბობენ, რომ 2023 წლიდან საქართველოში საავტომობილო პროფიციტია, ჭარბად დაგროვილი მანქანები ჯერ სრულად არ გაყიდულა, რის გამოც, დილერებს ქვეყანაში ნაკლები რაოდენობის მანქანა ჩამოჰყავთ. ფაქტობრივად, იგივე პრობლემაა რეექსპორტის კუთხითაც - როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ამბობს, მთავარ საექსპორტო ქვეყნებში, სადაც საქართველო მანქანების რეალიზაციას ახდენდა, ასევე ჭარბი რაოდენობით მანქანები დაგროვდა, რადგან საქართველოს გარდა, იქ უკვე სხვა ქვეყნებიდანაც შედის ავტომობილები.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები კი ასეთია - 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტზე 20 ათასზე მეტი მსუბუქი ავტომობილი გავიდა, მათი ჯამური ღირებულება კი 500 მილიონი დოლარია. მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ღირებულების მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი ყირგიზეთში განხორციელდა. უნდა ითქვას, რომ 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 57 მილიონი დოლარითაა გაზრდილი ექსპორტირებული ავტომობილების საერთო ღირებულება, რაოდენობამ კი თითქმის 400 ერთეულით დაიკლო. რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-მარტში საქართველოში 622 მილიონი დოლარის 36 ათასამდე ავტომობილი იმპორტირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 6 ათასით შემცირდა, თუმცა 2 მილიონი დოლარით გაიზარდა მათი საერთო ღირებულება. საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია.
ავტოიმპორტიორები ფასების დინამიკაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ისევე როგორც სხვა სექტორებზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სატარიფო პოლიტიკას და იმ სავაჭრო ომებს, რომლებიც დონალდ ტრამპმა წამოიწყო, სხვა სექტორების მსგავსად, გავლენა საავტომობილო ბიზნესზეც ჰქონდა.
„კავკასიის ავტოიმპორტის” კომერციული დირექტორი ალექსანდრე ვეკუა ამბობს, რომ თვითონ ამერიკულ ბაზარზე მეორადი ავტომობილები 4-5%-ის ფარგლებში გაძვირდა, ახალი ავტომობილების ფასები კი 25%-ით გაიზარდა.
ვინაიდან, აშშ საქართველოსთვის მთავარი საიმპორტო ქვეყანაა - იქ არსებულ ფასთა ცვლილებას გავლენა ადგილობრივ ბაზარზე უკვე ჰქონდა. ავტოდილერების ნაწილი ამბობს, რომ დაახლოებით, უკვე 10-15%-ის ფარგლებშია გაძვირებული ამერიკიდან იმპორტირებული მეორადი ავტომობილები. მათივე შეფასებით, ფასების ამ მაჩვენებლით ზრდა უმეტესად ნეგატიური მოლოდინების შედეგია.
ზოგ ავტოიმპორტიორ კომპანიაში კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით, საკუთარი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ინარჩუნებენ მანქანებზე აქამდე არსებულ ღირებულებას.
„პირადად ჩვენ, იმისთვის, რომ მომხმარებელს ეს მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა, სატარიფო პოლიტიკა შევცვალეთ და ჯერჯერობით, აშშ-დან იმპორტირებულ მანქანებზე იგივე ფასები გვაქვს, რაც მანამდე იყო“, - აღნიშნა „კავკასიის ავტოიმპორტის” კომერციულმა დირექტორმა.
ცნობისთვის, 2025 წლის იანვარ-მარტში, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებული საქონელი კვლავ მსუბუქი ავტომობილია, რაც მთლიანი ექსპორტის 35.7%-ს შეადგენს. ავტომობილები ლიდერობს საიმპორტო პროდუქციის სიასაც და 2025 წლის პირველ კვარტალში, მსუბუქი ავტომობილების იმპორტის წილმა მთლიან იმპორტირებულ პროდუქტში, თითქმის 15% შეადგინა.