logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება - კანონპროექტის დეტალები

ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება - კანონპროექტის დეტალები

1751371777

ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, ქვეითებისთვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევის ჯარიმა კი გახუთმაგდება.  ამის შესახებ ცვლილებათა პაკეტი  იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  პირველი მოსმენით განიხილა.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების მიხედვით,  თვითნებურად გადაკეთებულად ჩაითვლება, მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაკეთებული ექნება სატრანსპორტო საშუალების მაყუჩი. ამასთან, იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. კერძოდ, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა. გარდა ამისა, დასახელებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას და სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. ასევე, აკრძალული იქნება იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული.

პროექტით კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები. კერძოდ, პასუხისმგებლობა წესდება სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით. დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.

პროექტით  იზრდება ფულადი სანქცია საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული 10 ლარის ნაცვლად გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.

ამასთან, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები - ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

გამოგვყევით