საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრების ციკლს აგრძელებს. ინიციატივის ფარგლებში, სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 10 ნოემბერს, იმერეთში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა.
ქუთაისში ადგილობრივ ახალგაზრდებს GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე შეხვდა, ხოლო ზესტაფონში შეხვედრას სააგენტოს სასწავლო - კვლევითი ცენტრის უფროსი თეო ბაბუნაშვილი გაუძღვა.
ქუთაისის ახალგაზრდობის სივრცეში გამართული შეხვედრის ფარგლებში, ირაკლი ლექვინაძემ დამსწრეებს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე პრეზენტაცია წარუდგინა და გააცნო კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, კონკურენციის შემზღუდველი პრაქტიკების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები. სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა კონკურენტული გარემოს მნიშვნელობაზე და განმარტა, თუ როგორ აისახება კონკურენცია მომხმარებლისთვის უკეთესი ფასის, ხარისხისა და არჩევანის ხელმისაწვდომობაზე.
შეხვედრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მომხმარებელთა უფლებები წარმოადგენდა. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს დისტანციურად, მათ შორის, ონლაინ შეძენილი საქონლის დაბრუნების 14-დღიანი უპირობო უფლებისა და კანონით გათვალისწინებული ორწლიანი სამართლებრივი გარანტიის შესახებ. განიხილეს პრაქტიკული მაგალითებიც, რომლებიც მათ საკუთარი უფლებების დაცვისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ამასთან, ირაკლი ლექვინაძემ ახალგაზრდებს გააცნო პორტალი ekalata.gov.ge, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ფასების შედარებასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
ზესტაფონის ახალგაზრდობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე თეო ბაბუნაშვილმა დამსწრეებს ასევე გააცნო კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ძირითადი საკითხები, საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმები და სააგენტოს საქმიანობის მიმართულებები, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს სააგენტოს საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსებისა და კონკურენციის ონლაინ ლექსიკონის შესახებ.
გამართული შეხვედრები ახალგაზრდობის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ მათ ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლებას. ინიციატივა საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარებას ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ითვალისწინებს.