18 თებერვალს, 11:00 საათზე, კომპანია „სფერო ინვესტის“ მიერ ორგანიზებული მასშტაბური თაღლითური სქემის მსხვერპლნი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის გივი წულეისკირის საპროცესო სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას გამართავენ.
ასობით მოქალაქე, რომლებმაც კომპანიისგან ბინები იგირავეს, დღეს „ღია ცის ქვეშ“ არიან დარჩენილი. თაღლითურმა ჯგუფმა მიითვისა მოქალაქეების კუთვნილი თანხა, რის შედეგადაც დაზარალდნენ მოხუცები, სტუდენტები, მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია:
- საგამოძიებო და სასამართლო პროცესების მაქსიმალური დაჩქარება
- კომპანიის დაყადაღებული ქონების დროული რეალიზაცია რათა დროულად დაუბრუნდეთ მოქალაქეებს თავიანთი კუთვნილი თანხა და მიეცეთ ღირსეულად ცხოვრების საშუალება
- სქემაში ჩართული ყველა პირის პასუხისგებაში მიცემა
დაზარალებულები მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს, აიყვანონ საქმე პირად კონტროლზე, რათა ასობით ოჯახი საბოლოო განადგურებას გადაურჩეს.
შეგახსენებთ რომ "სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი 2025 წლის 10 ნოემბერს დააკავეს.