ჩვენი დიდი საზრუნავია ქვეყანაში წარმოების ხელშეწყობა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. შესაბამისად, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ეკონომიკის განვითარების ბანკიდან დაიფარება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, უკვე საჯაროდაც დაანონსდა, რომ გამსხვილდება "აწარმოე საქართველოში" და ახალ ფორმატში ჩამოყალიბდება ძალიან საინტერესო მიმართულება ეკონომიკის განვითარების ბანკის სახით, სადაც იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები - მათ შორის სასესხო-საკრედიტო და ასევე ისეთ კომპონენტებში, რომლებიც დღეს არ აქვს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში.“
"ბუნებრივია რომ ბიზნესები და სექტორები დინამიურად ვითარდება, ბიზნესის საჭიროებებიც მუდმივად ცვალებადია და ყოველთვის ვცდილობთ, თუ საჭიროა, სახელმწიფომ ადაპტირება გააკეთოს და შეცვალოს მიდგომა, რომელიც უფრო მეტად დაეხმარება კერძო სექტორს, შექმნას დამატებითი ეკონომიკური ღირებულება", - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის. მისი შეფასებით, მეწარმეების ხელშეწყობის ერთ-ერთი გამოკვეთილი და გამორჩეული ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც წლების განმავლობაში არაერთი სიკეთე შეიქმნა ქვეყანაში, სწორედ აღნიშნული პროგრამაა.
„2013 წლიდან დღემდე სახელმწიფომ 900 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა პროექტების მხარდაჭერისთვის და ძალიან სასიხარულოა რომ 15 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ მხარდაჭერით. სწორედ ამ 900 მილიონმა ლარმა უზრუნველყო ის, რომ 15 000-მა ბენეფიციარმა შეძლო და დაახლოებით 6 მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორებში. შეიქმნა 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ძალიან ბევრი კვლევა გავაკეთეთ, რომელმაც შეაფასა არსებული პროგრამები, ისევე, როგორც კერძო სექტორის საჭიროებები და დადგა დრო, რომ გამსხვილდეს არსებული პროგრამა და შეიძინოს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, ახალი ინიციატივის ფარგლებში იგეგმება, რომ საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმოს ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას, რაც ასევე დადებით ეფექტის მიმცემი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით.