საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით, ყველას აქვს უფლება, დაასახელოს კანდიდატურა ღია კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის ვადაში.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე:
საბუთები მიიღება 15 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე - თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. №7, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები გამოქვეყნდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა კანონით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კანდიდატურების შერჩევის პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს არანაკლებ სამ კანდიდატურას. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემდეგ, აღნიშნულ კანდიდატურებს, არჩევის მიზნით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, საქართველოს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს,"-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.