სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა გადაიწევს.
კერძოდ, 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც წესდება პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება.
აღნიშნული სამართალდარღვევა სანქციის სახით ითვალისწინებს 100 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდას და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 10 ქულით. დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო მისი მესამე და ყოველი შემდეგი განმეორებისთვის სამართალდამრღვევი დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.
კანონპროექტი პარლამენტს შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარხველიძემ წარუდგინა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა კომპანიასთან, ძირითადი მიზანია, დადგინდეს ისეთი მექანიზმი, როგორიცაა მაგალითად სიჩქარის გადაჭარბებისათვის ვიდეო ჯარიმა, თუმცა, სამწუხაროდ ამ ეტაპზე რელევანტური კომპანია ვერ იქნა მოძიებული, რომელიც შეძლებს მსგავსი ტიპის მექანიზმის ამოქმედებას. მოლაპარაკებები გვქონდა რამდენიმე ევროპულ კომპანიასთან, თუმცა, სამწუხაროდ ვერ მოხერდა ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც ინდივიდუალურად დაადგენს კონკრეტული მძღოლის პასუხისმგებლობას. ვფიქრობთ, 1 წლის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება შეიქმნას მექანიზმი, რომელიც აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის ეფექტური აღსრულების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ სესიაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტი წარადგინა.