logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

მიხეილ გოგოლიძემ იალღუჯის სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

მიხეილ გოგოლიძემ იალღუჯის სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

1776505729

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან დაური ისმაილოვთან ერთად, იალღუჯის ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხის მიმდინარე მდგომარეობა ადგილზე შეაფასა და ობიექტის შემდგომი მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა.

იალღუჯის სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხი, რომლის ფართობიც 40 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, წარმოადგენს აგროქიმიკატებისა და პესტიციდების განთავსების ყოფილ ობიექტს. იგი 1985 წელს დაიხურა, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა საჭიროებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციას, უსაფრთხო დახურვას და შემდგომ მუდმივ მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, მათ შორის ობიექტის რეაბილიტაციისა და დახურვის პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

ამასთან, იგეგმება საქართველოში სახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი თანამედროვე ობიექტის მშენებლობა. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, ხოლო აღმსრულებელ უწყებად საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია განისაზღვრა.

პროექტი ემსახურება ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის განვითარებას, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების გაძლიერებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

გამოგვყევით