logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საქართველოში სურსათის ბანკების ასოციაცია დაარსდა

საქართველოში სურსათის ბანკების ასოციაცია დაარსდა, რომლის მთავარ მიზანსაც სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის, სურსათის ბანკის ფუნქციონირებისა და მიზნების შესახებ, ევროპული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  სურსათის ბანკ „ენკენიას" დამფუძნებელმა ნანა ოლქიშვილმა  განუცხადა.

მისი თქმით, ამ ასოციაციის ფარგლებში, „ენკენია“ გეგმავს, საკუთარი ცოდნა ისეთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გაუზიაროს, რომლებიც სამომავლოდ მოიაზრებენ, რომ ავტორიზაცია გაიარონ და სურსათის ბანკის სტატუსით დაიწყონ საქმიანობა. ასეთი საქველმოქმედო ორგანიზაციების რიცხვი კი დღითი დღე მზარდია.

„აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ თვითონ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპის სურსათის ბანკებთან და მათი გამოცდილების გაზიარებით, ქვეყანაში ეროვნული სურსათის ბანკის მოდელს ვნერგავთ. ამასთან, „ენკენია“ მოაზრება სურსათის ბანკების გაერთიანების პოტენციურ წევრადაც და ის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმსა და სამიტზეა მიწვეული“, - განმარტა ნანა ოლქიშვილმა.

მან „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას სურსათის ბანკ „ენკენიას“ საქმიანობის 1 წელიც მიმოიხილა.

„უკვე თითქმის ერთი წელია, რაც „ერთად შიმშილის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით, საქართველოში პირველი, ავტორიზებული სურსათის ბანკი ფუნქციონირებს. დღეისათვის, უკვე 2500-მდე ბენეფიციარი გვყავს. ჯერჯერობით, სურსათის ბანკის საქმიანობა თბილისს, მცხეთას, კასპის რაიონის რამდენიმე სოფელს, ლაგოდეხსა და გურიას ფარავს, თუმცა მომდევნო წლებში ამ არეალის გაფართოებას ვგეგმავთ“, - განაცხადა სურსათის ბანკ „ენკენიას" დამფუძნებელმა.

ნანა ოლქიშვილმა სურსათის ბანკის საქმიანობის პროცესში ბიზნესსექტორის ჩართულობაზეც ისაუბრა.

„როგორც იცით, სურსათის ბანკის მთავარ იდეას ქვეყანაში შიმშილის პრობლემის შემცირება, მოსახლეობის კვების ხარისხის ამაღლება და  სურსათის დანაკარგების შემცირება წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად, სურსათის ბანკი „ენკენია“ ძალიან აქტიურად თანამშრომლობს როგორც საჯარო, ისე ბიზნესსექტორთან. ჯერჯერობით, სურსათის დონაციის პროცესში მხოლოდ რითეილ სექტორია ჩართული. სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში განთავსებულია ჩვენი სურსათის შესაწირი ყუთები, სადაც რიგით მოქალაქეებსაც შეუძლიათ დონაციის გაკეთება. უახლოეს პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით კიდევ 20 სურსათის შესაწირი ყუთი განთავსდება“, - აღნიშნა ნანა ოლქიშვილმა.

შეგახსენებთ, ბიზნესი სურსათის ბანკში დონაციის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათებს იღებს. სწორედ ამას ითვალისწინებს კანონი „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბერში დაამტკიცა და ის ძალაში 2025 წლის იანვრიდან შევიდა. მთლიანად ამ პროცესის და საქართველოში სურსათის ბანკის დაარსების ინიციატორი კი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, იგივე FAO იყო, რომელმაც საქართველოში სურსათის ნარჩენების მართვაზე მუშაობა წლების წინ დაიწყო.

გამოგვყევით