შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასური ძვირდება. ფასის ცვლილება ეხება საქართველოში ტრანზიტული ნომრის გაცემას და ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი ავტომობილების ექსპორტ-რეექსპორტს.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, ტრანზიტული ნომრის ერთი წყვილის გაცემის საფასური 50 ლარის ნაცვლად 370 ლარი იქნება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისათვის შესაბამისი აქტის შედგენით საფასური 100 ლარის ნაცვლად 180 ლარით განისაზღვრება, ხოლო, ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტი-რეექსპორტისთვის განკუთვილი სატრანსპორტო საშუალების, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ საექსპორტო შემოწმებისთვის შესაბამისი აქტის შედგენით საფასური 130 ლარის ნაცვლად, 200 ლარი იქნება.
ასევე, დოკუმენტის თანახმად, დგინდება ახალი მომსახურებები. კერძოდ, ტრანზიტული ნომრის გაცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის მომსახურების საფასურად განისაზღვრება 150 ლარი, ტრანზიტული ნომრის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება კი, 20 ლარით განისაზღვრება.