თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება და გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.
ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
„მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.
ეს იქნება საწინდარი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მიუხედავად, აკადემიური კადრებისა და ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა არ შემცირდება.
მიქანაძის თქმით, განათლების სამინისტროს მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები.
„ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება, მაქსიმალურად შევინარჩუნებთ პერსონალს, გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება, ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით სამეცნიერო საქმიანობაში. ამასთანავე, მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს. ჩვენი მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
1tv.ge