სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის მიერ, 2025 წელს, შვიდ მუნიციპალიტეტში შესწავლილ იქნა 25 000 ჰექტარი ნიადაგის ფართობი, ხოლო ლაბორატორიულ პირობებში ფიზიკურ, ქიმიურ და ფიზიკურ-ქიმიურ მახასიათებლებზე გაანალიზდა 413 ნიადაგის ნიმუში. მიღებული მონაცემები განთავსდა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნიადაგის თემატური რუკების დამუშავება.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 200-ზე მეტ ფერმერს მიეწოდა ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების რეკომენდაციები, მათ შორის ვაზისა და ხორბლის კულტურების წარმოებისთვის, რაც პრაქტიკულად უწყობს ხელს მიწის რესურსების ეფექტიან და მდგრად გამოყენებას.
პროექტს „საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა“ ლაბორატორია 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა, შეფასება და შესაბამისი თემატური ციფრული რუკების შექმნა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ინვენტარიზებული და შესწავლილია 250 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობი.