2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარით განისაზღვრა. სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ღვინის ეროვნული სააგენტო, კერძო ინდუსტრიასთან ერთად, მიმდინარე წელს იმუშავებს, რომ კიდევ უფრო გამყარდეს ქართული ღვინის პოზიციები და ქართული ღვინო კიდევ უფრო წარმატებული გახდეს საერთაშორისო ასპარეზზე. სტრატეგიულ ბაზრებთან ერთად, რომლებიც გამორჩეულია ღვინის კულტურითა და ღვინის მოხმარებით, ჩვენ გავაქტიურდებით სკანდინავიისა და ბენელუქსის ქვეყნებში, კანადაში, ბრაზილიაში და ინდოეთის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შედეგად, კიდევ უფრო გამყარდება ქართული ღვინის პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოდან ყოველწლიურად დაახლოებით 100 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი ხორციელდება; მზარდია საექსპორტო ფასი.
„ღვინოს და ყურძნისეულ სპირტიან სასმელებს ქვეყანაში შემოსავლების სახით, ჯამურად, მხოლოდ ექსპორტიდან, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი შემოაქვს. ასევე აღსანიშნავია გაყიდვები შიდა ბაზარზე და ღვინის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. გასული წლის შედეგებიდან, მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაცია და ექსპორტის ზრდა ჩინეთის ბაზარზე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მიმდინარე წელს, სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში, გაძლიერდება მედია კამპანიები და მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.