"ელიბოს მარნის" დამფუძნებლის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ტურისტულმა ობიექტმა წლევანდელი წლიდან ვაზის მოვლა ბიო მიმართულებით უნდა დაიწყოს.
როგორც მეღვინე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, პატარა მარნები ძირითადად ხარისხზე არიან ორიენტირებულნი.
მისივე თქმით, საქართველოში ბიო მიმართულება ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, რაშიც წვლილი სხვადასხვა, ფესტივალებსა და სახელმწიფოს დახმარებას შეაქვს.
"ღვინოს ტრადიციული კახური მეთოდით ვამზადებ. სამომავლოდ, ექსპორტის მიმართულებით მინდა გავფართოვდე. მოგეხსენებათ ამ ყველაფერს თავისი წესები აქვს და ვემზადები, რომ აღნიშნული მოთხოვნები დავაკმაყოფილო. ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი არ ვარ, ღვინოს სოციალური ქსელის მეშვეობით ვყიდი. გაყიდვების მიმართულებით, რომ გესაუბროთ დადებითი ტენდენციით ხასიათდება.
ქართულ ღვინო, თუ ნატურალური წარმოებისაა ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს, პატარა მარნები ორიენტირებული ძირითადად ხარისხზე ვართ. ამჟამად, ბიო მიმართულებას არ მივყვები, მაგრამ ვცდილობ შხამქიმიკატები არ გამოვიყენო, ძირითადად სისტემურ წამლებს ვიყენებ. წლევანდელი წლიდან ბიო მიმართულებაზე უნდა გადავიდე, თუმცა აღნიშნული მიმართულების განვითარებას 3-4 წელი მაინც სჭირდება. მოგეხსენებათ ბიო მიმართულება ღვინის უმაღლესი ხარისხია და ნატურალური პროდუქტის დოზირებულად მიღება ჯანსაღი და სასარგებლოა. რაც შეეხება საქართველოს ბიო მიმართულება ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, კარი ტემპით მიდის - ფესტივალებიც ხშირად იმართება, სახელმწიფო მევენახეებს მხარში უდგას. ზოგადად, მევენახეს ბიო მიმართულების მუშაობის დროს ორმაგი შრომა უწევს, მაგრამ შედეგი სასარგებლოა", - აცხადებს შალვა ხუციშვილი.
ცნობისთვის, "ელიბოს მარანი" და ვენახი კახეთში, ართანაში მდებარეობს, ვენახის ფართობი 2 ჰექტარია. ტურისტული ობიექტი ამჟამად, ძველი ტრადიციული კახური მეთოდით რამდენიმე სახეობის ღვინოს რქაწითელს, ქისს და საფერავს აწარმოებს.