რუბრიკა "ღვინის გზა"
კულტურა, ტრადიცია და იდენტობა - "ბიზნესპარტნიორის" რუბრიკის "ღვინის გზა" ფარგლებში, გიამბობთ მეღვინეობაზე, რომელიც ამ ღირებულებებს ინარჩუნებს და უძველეს ქართულ ჯიშებს ახალი სიცოცხლე შესძინა.
მეღვინეობა "შუმის" მიერ აღდგენილია ვაზის ისეთი ჯიშები, რომლებიც თითქმის დაკარგულად ითვლებოდა. ახლა კი სწორედ ამ ჯიშებისგან მზადდება უნიკალური ღვინო, რომელიც საქართველოში იყიდება და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. ვაზის ირგვლივ გაერთიანებულია ტურისტული სივრცე, ღვინის მუზეუმი და ენოთეკა.
ყოველდღიურად "შუმის" მეღვინეობას უამრავი ტურისტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სტუმრობს. მათ აქვთ საშუალება გაეცნონ მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას, ჯიშებს, დააგემოვნონ ღვინო და დაესწრონ მასტერკლასებს.
მეღვინეობის გენერალური დირექტორი აკაკი ცოფურაშვილი "ბიზნესპარტნიორს" უყვება, რომ ეს ყველაფერი თავიდან, რა თქმა უნდა, ღვინით დაიწყო.
"მაღალი ხარისხის ღვინო რომ მიგვეღო გადავწყვიტეთ მევენახეობისთვის საუკეთესო ადგილები შეგვეძინა. პარალელურად, დავიწყეთ ზრუნვა საწარმოს შექმნაზე და ვაზის ჯიშების მოძიებაზე. მიზანი იყო, რომ გადაშენებას გადაგვერჩინა უამრავი ჯიში. საქართველოს გარდა, ვაზის ჯიშების შეგროვება სხვადასხვა ქვეყნებიდანაც დავიწყეთ. ასევე, ნელ-ნელა შევქმენით მევენახება-მეღვინეობის მუზეუმი.
შევქმენით ქვევრის ცქრიალა ღვინო, 450 ვაზის ჯიშისგან უნიკალური სასმელი "ლაზარე", 300 წლიანი ვაზისგან "გენეზისი", აღვანდგინეთ ისეთი ჯიშები, რომლებიც ჯერჯერობით არავის აქვს ჩვენ გარდა, რომელსაც ძალიან მალე შევთავზებთ ჩვენს მომხმარებლებს",- ამბობს აკაკი ცოფურაშვილი.
მისვე თქმით, ყოველდღიურად მუშაობენ საკოლექციო ვენახის გაფართოებაზე, ტურისტული კომპლექსის განვითარებაზე და ა,შ. ამ ეტაპზე 70-ზე მეტი დასახელების ღვინოს აწარმოებენ, რომელიც მსოფლიოს 33 ქვეყანაში იყიდება.
"ღვინის წარმოება დავიწყეთ თანამედროვე ტექნოლოგიებით, რისთვისაც უცხოეთიდან შემოვიტანეთ სხვადასხვა დანადგარები. ამავე პერიოდში მოთხოვნა გაჩნდა ქვევრის ღვინოზე, რაც ტურისტების ნაკადის შემოდინებას უკავშირდება.
დღეს უკვე ღვინის მოხმარების კულტურა ძალიან ამაღლდა, ეს არამარტო ტურისტს ეხება, ქართველებსაც, რომლებიც სულ უფრო მეტად მოიხმარენ მაღალხარისხიან, ბოთლირებულ ღვინოს. მისასალმებელია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება შექმნას საკუთარი მარანი და პატარა რაოდენობით მაინც იყოს ამ საქმიანობაში ჩართული. ჩვენი მიზანი მხოლოდ კომერცია არ არის, ბევრი რამ დამოკიდებულია მხოლოდ გატაცებაზე და საქმის სიყვარულზე",- აღნიშნავს მეღვინეობა "შუმი"-ს გენერალური დირექტორი აკაკი ცოფურაშვილი.