logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

მსოფლიოში ფსტას წარმოება 8%-ით შემცირდა

მსოფლიოში ფსტას (იგივე ფისტას) წარმოება 8%-ით შემცირდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა დაჩი მუჯირიშვილმა განუცხადა, ფსტას გლობალური მოსავალი 2024-2025 წლების სეზონზე 1.19 მილიონ ტონას შეადგენდა, 2025-2026 წლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი 1.09 მილიონი ტონაა.

მოსავლის კლების შესაბამისად, შემცირებულია გლობალურ ბაზრებზე მიწოდებაც.  პროდუქტის სიმცირემ კი, მასზე ფასების ზრდა განაპირობა. ამჟამად, 1 კილოგრამი ფსტას გლობალური, საშუალო ფასი, ნაჭუჭიანის შემთხვევაში, 6-დან 12 დოლარამდე მერყეობს, გარჩეული ფსტას საშუალო ღირებულება კი - 13-დან 20 დოლარამდეა. ფასები განსხვავებულია მწარმოებლებისა და მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით“, - აღნიშნა დაჩი მუჯირიშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ფსტას უმსხვილესი მწარმოებლები აშშ, ირანი და თურქეთი არიან.

„აშშ-ზე გლობალური წარმოების 65% მოდის, ირანზე - 18%, თურქეთზე კი - 11%. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ყველაზე დიდი რაოდენობით ფსტას აწარმოებს, იქ შიდა მოხმარებაც ძალიან მაღალია, ამიტომ მთავარ ექსპორტიორ ქვეყნად არა აშშ, არამედ - ირანი მიიჩნევა. ცხადია, ირანში და ზოგადად, მთელ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ასევე ნეგატიური გავლენა იქონია გლობალური ბაზრებისთვის ფსტას მიწოდებაზე“, - განმარტა Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.

მისივე ინფორმაციით, მსოფლიოში ფსტაზე მოთხოვნა დღითიდღე მზარდია და მიწოდებას მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ქმნის მოლოდინს, რომ ფსტას ფასები მომდევნო წელსაც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ცნობისთვის, გლობალური ბაზრების გარდა, ფსტას მოხმარება და შესაბამისად, იმპორტი იზრდება საქართველოშიც. 2025 წელს ქვეყანაში 49.5 მილიონი დოლარის ღირებულების, 6000 ტონაზე მეტი ფსტა შემოვიდა მაშინ, როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 4 245 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოში ფსტას იმპორტი რაოდენობაში 42%-ით იყო გაზრდილი, ღირებულებაში კი - 107%-ით. საქართველოსთვის ფსტას მთავარი მომწოდებელი ქვეყანა აშშ-ა, იმპორტირებული პროდუქციის 55% სწორედ მასზე მოდის.

გამოგვყევით