logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ქართულ ღვინოს ყიდის ქართული მეღვინეობის ისტორია და შემდეგ უკვე პროდუქტი" -  "მეღვინეობა ჩელთი"

რუბრიკა "ღვინის გზა" 

ტრადიციული და თანამედროვე მარნები, სადეგუსტაციო სივრცე, ტურისტული ინფრასტრუქტურა და მასშტაბური საწყობები - ღვინის გზის” ფარგლებში დღეს გიამბობთ "მეღვინეობა ჩელთის" შესახებ, კომპანიაზე, რომლის ვენახები უნიკალურ ტერიტორიაზეა გაშენებული, რაც ღვინის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.

მეღვინეობა "ჩელთი" კავკასიონის ქედის ძირას, მდინარე ჩელთის მიმდებარედ მდებარეობს, ეს ადგილი კი თავისი მიკროკლიმატით და ნიადაგით გამოირჩევა. აქ დღესა და ღამეს შორის ტემპერატურის სხვაობა 20 გრადუსია, რაც დადებით ეფექტს ახდენს ვენახებზე.

ანა მირიანაშვილი "მეღვინეობა ჩელთის" თანადამფუძნებელი და კომერციული დირექტორი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ ტერიტორია 80 ჰექტარზეა გაშენებული, საიდანაც 63 ჰექტარი ვენახს, ხოლო დანარჩენი ტერიტორია მიწისქვეშა საძველეებს, კლასიკურ და ტრადიციულ ღვინის მარნებს, ტურისტულ კომპლექსსა და რეკრეაციულ ბაღებს აერთიანებს.  

"ვაწარმოებთ 20-მდე დასახელების ღვინოს 5 ჯიშისგან, გვაქვს საფერავი, ქისი , ხიხვი, მწვანე და რქაწითელი. წელიწადში წარმადობა 400-500 ათას ბოთლამდეა. აქედან 20% ქვევრის ღვინოზე მოდის, ხოლო 80% იწარმოება უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში და მუხის კასრებში. ჩვენი პროდუქცია 28 ქვეყანაში გადის, ასევე ლოგისტიკური ცენტრები გვაქვს ევროპაშიც და აზიაშიც, ეს საწყობები გვეხმარება და გვიმარტივებს ლოგისტიკას და მარკეტინგულადა ხელს გვიწყობს რომ სხვადასხვა კონკურსებზე თუ დეგუსტაციებზე მარტივად გავგზავნოთ ჩვენი ღვინო",- ამბობს  ანა მირიანაშვილი.

მისივე თქმით, თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართული ღვინის სახელი ფიგურირებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა თუნდაც მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნები, ეს უკვე წარმატებაა და სხვა კომპანიებსაც გზას უხსნის, რომ ასეთ ადგილებში შეიტანონ ღვინო.

"მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ქვევრის ღვინით, ბევრს საქართველდანაც კი მიაქვს ქვევრები იაპონიაში, ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში, რომ თავის ქვეყნებში აწარმოონ ქვევრის ღვინო. მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრი თიხის ჭურჭელი არსებობს მსოფლიოში, თუმცა ქვევრი მათგან გამორჩეულია, რაც „იუნესკომაც“ აღიარა. მუდმივად ვცდილობთ ახლო კონტაქტში ვიყოთ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან და პირადად გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი, რადგან პირველ რიგში, ქართულ ღვინოს ყიდის ქართული მეღვინეობის ისტორია და შემდეგ უკვე პროდუქტი",- აღნიშნავს ანა მირიანაშვილი. 

კომპანიას უკვე აქვს 150 ათასი ბოთლის ტევადობის საძველე, რომელიც მალე 350 ათას ბოთლამდე გაიზრდება – ეს ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ობიექტია.

"ჩვენი მეღვინეობისთვის ღვინის ბოთლში დავარგება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ახალ საძველესაც ვაშენებთ. ყველა საუკეთესო მოსავლის ღვინოს ვინახავთ და ნელ-ნელა გამოგვაქვს სარეალიზაციოდ, ზოგჯერ შეიძლება 10 წელი დავიცადოთ სანამ პროდუქტს ბაზარზე გამოვიტანთ",- ამბობს "მეღვინეობა ჩელთის" თანადამფუძნებელი და კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი.

გამოგვყევით