logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"თაფლის ფასის ზრდას არ გამოვრიცხავთ - მოსავლიანობა შესაძლოა 3-4-ჯერ შემცირდეს" - "პაპალიკო"

მეფუტკრეთა გაერთიანების წევრის, კომპანია "პაპალიკოს" დამფუძნებლის, გოგა გოგაშვილის ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი და საექსპორტო მაჩვენებლები შარშანდელთან შედარებით ბევრად დაბალ ნიშნულზეა, რის გამოც შესაძლოა, თაფლის ფასი გაიზარდოს.

როგორც სფეროს წარმომადგენელი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, მეფუტკრეებს წელს გახშირებული წვიმების გამო ძალიან ცუდი პერიოდი აქვთ. მისივე ცნობით, მოსავლიანობა შესაძლოა 3-4-ჯერ შემცირდეს.

"ქართულ თაფლზე მოთხოვნა ძალიან დიდია, შესაბამისად, ექსპორტი იზრდება. მაგალითად, "პაპალიკოს" პროდუქტმა ლონდონის თაფლის ფესტივალზე არა ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. ჩვენი თაფლი მხოლოდ ერთი ნექტრისგან დამზადებული არ არის, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ქართული თაფლი უნიკალურია - მრავალფეროვანი არომატები გვაქვს.

ზოგადად, მეფუტკრეებს წელს ძალიან ცუდი პერიოდი გვაქვს - წვიმამ ფაქტობრივად მთლიანად ჩამორეცხა ნექტარი, რაც ყვავილისგან უნდა აგვეღო. აქედან გამომდინარე, სფეროს წარმომადგენლები იმ რაოდენობის თაფლს ვერ აიღებენ, რასაც გეგმავდნენ. განსაკუთრებით აკაციის თაფლი დაზიანდა, აღნიშნულ პროდუქტზე კი ძირითადი მოთხოვნა ევროპის ქვეყნებიდანაა. თუმცა, თუ საქართველოში კომერციულ საფუტკრეებს გავზრდით და ქვეყანაში დაახლოებით 500-600 ისეთი მეფუტკრე გვეყოლება, რომლებსაც 500-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი ექნებათ, ეს სტაბილურობის გარანტი გახდება. მსგავსი მიდგომა, ცუდი კლიმატური პირობების შემთხვევაშიც კი, მოგვცემს იმ რაოდენობის თაფლის აღების საშუალებას, რაც სრულად დააკმაყოფილებს როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებს. ამასთან, ახლა ბევრი ტიპის ძალიან კარგი სახელმწიფო პროგრამაა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო სფეროში აქტიურადაა ჩართული", - ამბობს გოგა გოგაშვილი.

ცნობისთვის, კომპანია "პაპალიკო" ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ბრენდი "პაპალიკო" ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, 100%-ით ნატურალური ალპური (მთის) თაფლის წარმოებაზე. კომპანიის საფუტკრეები კი ყაზბეგშია განთავსებული. 

გამოგვყევით