logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"წელს, ქვეყანა 45 ათას ტონამდე თხილის მოსავალს მიიღებს" - მერაბ ჭითანავა

წელს, სავარაუდოდ, თხილის გლობალური მოსავალი 8%-ის ფარგლებში შემცირდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, დაჩი მუჯირიშვილმა  განუცხადა.

მისი თქმით, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2025-2026 წლების სეზონზე მთელ მსოფლიოში თხილის მოსავალი, დაახლოებით, 600 ათასიდან 700 ათას ტონამდე იქნება.

„საპროგნოზი მოსავლის კლება უმეტესად თურქეთთან არის დაკავშირებული. თურქეთზე თხილის გლობალური წარმოების 70%-ამდე მოდის. შესაბამისად, იქ არსებული მოსავალი განსაზღვრავს დიდწილად როგორც თხილის გლობალურ მარაგებს, ისე ფასებს. ვინაიდან, ბოლო 2-3 წელია, ცუდი კლიმატური პრიობების გამო, თურქეთში მოსავალი მცირდება, ეს ქმნის გლობალურ ბაზარზე თხილის დეფიციტს, შედეგად კი იზრდება ფასები. მაგალითისთვის, ამჟამად, თხილის საშუალო გლობალური ფასი 1 კილოგრამზე 8 ევროს შეადგენს, მაშინ როდესაც გასულ წელს 6-7 ევრო იყო“, - განმარტა დაჩი მუჯირიშვილმა.

რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზებს, ანალიტიკოსები თურქეთის ბაზრის აღდგენას ელიან და ვარაუდობენ, რომ 2027 წელს იქ მოსული თხილი 800 ათას ტონას გადააჭარბებს.

გლობალური ბაზრების მსგავსად, წელს მოსავლის ზრდას არც ადგილობრივ ბაზარზე ელიან. როგორც „ბიზნესპრტნიორს“ "თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ  განუცხადა, წელს ქვეყანა, სავარაუდოდ, იმავე რაოდენობის თხილს მიიღებს, რაც გასულ წელს და ეს დაახლოებით, 45 ათასი ტონა იქნება.

ჭითანავას ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობის ზრდას ხელს თხილის ბაღების ხმობა უშლის, რაც ახალი გამოწვევაა ქართველი მეთხილე ფერმერებისთვის. გარდა ამისა, გამოწვევებს შორის ისევ სახელდება ნიადაგის მჟავიანობა და ფაროსანა.

თუმცა, როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, ფერმერებმა ფაროსანას წინააღმდეგ სასუქები უკვე შეიტანეს და აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ დაძლეულია. შესაბამისად, ეს დააბალანსებს თხილის ხმობისგან მიღებულ ზარალს.

„რაც შეეხება თხილის ხარისხს, ეს უმეტესად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი ამინდები იქნება ივლისის ბოლოს- აგვისტოს დასაწყიში, ანუ მოსავლის აღების პერიოდში. თუ წვიმები იქნება, თხილის ხარისხი გაფუჭდება, მშრალი ამინდის შემთხვევაში კი, კარგი მოსავალი გვექნება“, - განარტა მერაბ ჭითანავამ.

ცნობისთვის, ბოლო წლებში, საქართველოდან თხილის ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. გასულ წელს, ქვეყანამ ექსპორტზე, თითქმის, 172 მლნ დოლარის ღირებულების 20 ათას ტონამდე თხილი გავიდა, რაც წინა წლების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

გამოგვყევით