CARFAX-ის ქართული ანალოგი - JAVIC-ი ბაზარზე 2025 წლიდან გამოჩნდება. როგორც სტარტაპის დამფუძნებელმა ვატო ფაჩულიამ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ VIN კოდის საშუალებით გადაამოწმონ და გაიგონ კონკრეტული ავტომობილის ისტორია.
მისივე ინფორმაციით, სტარტაპი 2026 წლიდან მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.
"სტარტაპი არის ამერიკული CARFAX-ის ქართული ანალოგი, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილის ელექტრონული ისტორიის შექმნას. კერძოდ, რა სერვისები უტარდებოდა ავტომობილს, რამდენი მესაკუთრე ჰყავდა და ჰქონდა თუ არა რაიმე დაზიანება. აღნიშნული ისტორია იქმნება მანქანის საქართველოში ჩამოსვლის დღიდან. ქართული იქნება და შემდეგ ვგეგმავთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთში და ყაზახეთში გასვლას. ამ ეტაპზე ჩვენს პარტნიორ სერვისებთან ვახდენთ ინტეგრაციას, რის შემდეგაც წამოვიღებთ მონაცემთა ბაზებს და ეს ყველაფერი დამუშავდება. ვებგვერდთან ერთად გვექნება აპლიკაციაც.
მეორადი ავტობიზნესი საქართველოში ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა. საკუთრივ მეორადი ავტომობილების იმპორტი და ექსპორტი პირველ ადგილზეა საგარეო ვაჭრობის ნაწილში. სექტორის მთლიანი მოცულობა 1.8 მილიარდზე მეტია. გარდა ამისა, საქართველო არის რეგიონალური ჰაბი, საიდანაც მეორადი ავტომობილები ნაწილდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენი სტარტაპი გაამართლებს. ისტორიის შემოწმების საფასური ერთჯერადად, საშუალოდ 20 ლარი იქნება", - აცხადებს ვატო ფაჩულია.
ცნობისთვის, სტარტაპი JAVIC საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.