ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი დანადგარი, რომელიც ელექტროენერგიას, გაზსა და ბიო სასუქს გამოიმუშავებს, ბაზარზე სავარაუდოდ, 6 თვეში გამოჩნდება. ამის შესახებ სტარტაპი Bionova-ს თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ გონგლიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული დანადგარი რეგიონში ინოვაციურია და პირველ ეტაპზე მის შეძენას მცირე და საშუალო ფერმერები შეძლებენ.
"ჩვენ ვქმნით დანადგარს, რომელიც ორგანულ ნარჩენებს გადაამუშავებს. გადამუშავების შედეგად ვიღებთ ელექტროენერგიას, გაზს და ბიო სასუქს, რომელიც შეიცავს აზოტს. მიღებული ბიო სასუქი ფერმერს შეუძლია თავად გამოიყენოს, ან გაყიდოს. ჩვენი ყველაზე პატარა მოცულობის დანადგარი 5 ტონიანი იქნება. დანადგარი დამზადდება ორგანული ნარჩენის რაოდენობის მიხედვით.
საშუალოდ გადამუშავების პროცესს შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ, 3-დღიდან 12 დღემდე სჭირდება. გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონტროლის ნაწილზე. თუ ფერმერი ამ პროცესს ჩვენი აპლიკაციით გააკონტროლებს უფრო სწრაფად წარიმართება. ფერმერთან გავივლით დეტალებს - რამდენი ნარჩენი უგროვდება, რა რაოდენობის ენერგია სურს, რომ მიიღოს და ამის შემდეგ ვურჩევთ მას რა ზომის დანადგარია მისთვის შესაფერისი.
დანადგარის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია და გაზი ფერმერებს შეუძლიათ თავად მოიხმარონ და გადასახადები შეიმცირონ. სწორედ ეს არის ჩვენი პროდუქციის ინოვაციურობა. კომპოსტსა და ჩვენი დანადგარით მიღებულ ბიო სასუქს შორის განსხვავება გადამუშავების პროცესშია. გარდა ამისა, ჩვენ ორიენტაცია გვაქვს არა სასუქის მიღებაზე, არამედ გადამუშავების პროცესში მიღებულ ელექტროენერგიასა და გაზზე, თუმცა ბონუსად გვრჩება ბიო სასუქიც.
რაც შეეხება დანადგარის აწყობასა და შექმნას - აღნიშნულს ჩვენ თავად განვახორციელებთ. დაახლოებით, 6 თვეში შესაძლებელია ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ და პირველ მომხმარებელზეც გავიდეთ", - აცხადებს ნიკოლოზ გონგლიაშვილი.
ცნობისთვის, სტარტაპის გუნდი რამდენი ადამიანისგან შედგება და ესენი არიან: ნიკოლოზ გონგლიაშვილი, ნანუკა ხატიაშვილი და ნიკოლოზ ჩიხლაძე.
Bionova GITA-ს საგრანტო პროგრამის "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" ერთ-ერთი გამარჯვებულია. გარდა ამისა, 2024 წლის 23 სექტემბერს სტარტაპი Cunicorn batch3-ის, ხოლო 7 ოქტომბერს social impact award 2024-ის გამარჯვებულიც გახდა. ასევე, Bionova არის Junior achievement Georgia-ს ფინალისტი.