გვსურს მთელი მედია მარკეტინგის სამყარო მოვიცვათ, - ამის შესახებ სტარტაპი Incom For Buisness-ის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადუჩავამ "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სტარტაპი AI ასისტენტის დახმარებით, ბიზნესებს თავიანთი პროდუქტის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარება. მანვე აღნიშნა, რომ სერვისი ხელმისაწვდომი, დაახლოებით, 4 თვეში იქნება.
"მცირე ბიზნესებს ხშირად ექმნებათ პრობლემა თავიანთი პროდუქტის ფართო აუდიტორიაზე გატანის კუთხით. ხშირად ისინი ვიდეოებს ათავსებენ სოციალურ ქსელში, რომლებსაც დაბალი ნახვები აქვთ. შესაბამისად, აქვთ დაბალი გაყიდვები და დროს ტყუილად ხარჯავენ. ჩემი სტარტაპი მოიცავს იმას, რომ მე შევქმნი ვებსაიტს, სადაც იქნება AI ასისტენტი, რომელიც ცნობილი ბრენდების ვიდეოებიდან მოგვცემს იდეას და შაბლონებს კონკრეტული პროდუქტისთვის.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა და 12 ივლისიდან უკვე გაიხსნება პლატფორმა, თუმცა დაინტერესებულ პირებს სერვისის მიღება, დაახლოებით, 4 თვეში შეეძლებათ. ბაზარზე დიდი დაინტერესებაა. მე სატესტო რეჟიმში გავუშვი აღნიშნული სერვისი და დაინტერესებული პირები მცირე ბიზნესის, უფრო მეტად ონლაინ გაყიდვების სფეროდან იყვნენ.
ამ დროისთვის თუნდაც ერთი ვიდეოსთვის მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ძალიან დიდ თანხას ახდევინებენ. ჩვენ გვინდა ხალხს შევთავაზოთ ზუსტი და გარანტირებული ვიდეოები, რომელიც მათ ბიზნესებს განვითარებაში დაეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადად, გლობალურ ბაზარზე გასვლას ვგეგმავთ, კონტენტი შეთავაზებული კონტენტი ინგლისურენოვანი იქნება. ქართული AI რომ გავაკეთოთ ბევრად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჯერ უცხოურ ბაზრებზე გავიდეთ და შემდეგ ქართულზე ვიფიქროთ", - აცხადებს ალექსანდრე დადუჩავა.