logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

საგზაო დახმარების აპლიკაცია - SOS auto, წლის ბოლოდან, რეგიონებშიც ხელმისაწვდომი იქნება

საგზაო დახმარების აპლიკაცია - SOS auto, წლის ბოლოდან, მომსახურებას დიდ ქალაქებშიც -  ბათუმში, გორში, რუსთავსა და  ქუთაისში დაამატებს, - ამის შესახებ აპლიკაციის დამფუძნებელმა ნათია შუბითიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე განმარტებით, აპლიკაციის მეშვეობით დღეს, მომსახურების შეთავაზება თბილისიდან ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით არის შესაძლებელი და ახალი სერვისი შიდა (ქალაქებს შორის) გადაზიდვების დამატებას გულისხმობს.

როგორც ნათია შუბითიძე აღნიშნავს, აპლიკაცია ბაზარზე 2023 წლის დეკემბერში გაეშვა. კომპანიას ამ დროისთვის 10 კორპორატიული მომხმარებელი ჰყავთ. 400-მდე ფიზიკურმა პირმა მიიღო მომსახურება.

"ეს არის აპლიკაცია, რომლის მეშვეობით მომხმარებელს თბილისში შეუძლია ევაკუატორის და ავტო ასისტანსის გამოძახება, რაც მათ შორის, გულისხმობს საბურავის გამოცვლას, საწვავის მიწოდებას და სხვ. აპლიკაცია დეკემბრიდან გაეშვა ბაზარზე და გვყავს როგორც კორპორატიული მომხმარებლები, ისე  ფიზიკური პირები. საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია, რადგან მოგეხსენებათ, რომ მილიონზე მეტი ავტომანქანაა რეგისტრირებული. წინა თვესთან შედარებით მოთხოვნა 50%-ით არის გაზრდილი", - აცხადებს ნათია შუბითიძე.

აპლიკაციის დამფუძნებლის ინფორმაციით, მათ სამომავლო გეგმებში ასევე, მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე გასვლაა. 

"ამჟამად ცნობადობის გაზრდის ეტაპზე ვართ. წლის ბოლოს უნდა დავტესტოთ აზერბაიჯანის ბაზარიც, სადაც უკვე თვეში რამდენჯერმე გვაქვს გადაზიდვები და ერთ-ერთ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ.  კომპაბნიამ თებერვლიდან აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტი დაიწყო.  ჩვენს სერვისებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა, შეიძლება ითქვას, რომ 2-ჯერ მეტია. შესაბამისად, სამიზნე ბაზარი აზერბაიჯანია. ევაკუატორის რამდენიმე ტიპი არსებობს: სტანდარტული, მძიმე ტექნიკის გადასაზიდი და  8-მანქანიანი.  ბაქოში ძირითადად, სწორედ 8-მანქანიანი ევაკუატორებით დავდივართ. სამომავლო გეგმებში, რა თქმა უნდა, განიხილება სხვა მეზობელი ქვეყნების ბაზარზე გასვლაც", - აღნიშნა ნათია შუბითიძე. 

ცნობისთვის, სტარტაპი SOS auto საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე რაუნდის გამარჯვებულია.

გამოგვყევით