logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

სტარტაპი Comfy პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნის ფონზე, საწარმოს გახსნას გეგმავს

Comfy ორი მეგობრის მიერ დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ბაზარზე 5 თვეა გამოჩნდა.

როგორც სტარტაპის დამფუძნებლები “ბიზნესპარტნიორთან” ამბობენ, ყველაფერი დიზაინის შექმნით, მონახაზის გაკეთებით და ფერების შეხამებით იწყება. სწორედ კომფორტული და მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნა იყო ის მთავარი მიზანი, რამაც მეგობრები ბიზნესპარტნიორებად აქცია.

“Comfy-ს იდეა გაჩნდა ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც მე და სალომე ვისვენებდით ჩვენს შვილებთან ერთად. დასვენების დროს და მათ შორის სახლშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომფორტული გარემო, ამიტომ ვიფიქრეთ ისეთი პროდუქტი გაგვეკეთებინა, რომელიც ქალების, მამაკაცებისთვის და ბავშვებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნებოდა,” -  ამბობს Comfy-ს თანადამფუძნებელი მაკო პაპავაძე.

იმის მიუხედავად, რომ სტარტაპი 5 თვისაა განვითარების ტემპი საკმაოდ სწრაფია, რაც მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარეობს. სტარტაპი უკვე ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ათეულობით სახის პროდუქტს აწარმოებს, რომელიც ძირითადად ონლაინ იყიდება. მოთხოვნა დიდია ასევე კორპორატიულ შეკვეთებზე და ერთ-ერთი მიმართულება სწორედ სასტუმროებთან, ასევე სპა ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობაა.

“თავიდან მხოლოდ ხალათების კომპლექტებს ვაწარმოებდით, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე დავამატეთ საღამურები, შესაბამისად დაგვჭირდა მეორე ატელიეს გახსნა. რაც შეეხება კონკურენციას, საკმაოდ დიდია, მაგრამ ჩვენი ნიშა გვაქვს და სხვებისგან პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალები გამოგვარჩევს, რაც გაყიდვებზე დადებითად აისახება,”-აღნიშნავს Comfy-ს თანადამფუძნებელი სალომე ჩიკვაიძე.

ამ ეტაპზე პროდუქცია თბილისში,  ორ სხვადასხვა ატელიეში იქმნება, სტარტაპის მიზანია საწარმოს გაკეთება, რომელიც ყველაფერს ერთ სივრცეში გააერთიანებს. ამისთვის კი საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებას კი სტარტაპი საგრანტო კონკურსში ან თანადაფინანსების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობით გეგმავს.  მოთხოვნა სხვა ქვეყნებიდანაც არის, ამიტომ სტარტაპის სამომავლო მიზანი, წარმადობის გაზრდის შემდეგ, პროდუქციის ექსპორტზე გატანაა.

გამოგვყევით