logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

ComCom-ის, ეკონომიკის სამინისტროსა და ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით ინტერნეტ მმართველობის ფორუმი მეათედ ჩატარდა

ComCom-ის, ეკონომიკის სამინისტროსა და ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით ინტერნეტ მმართველობის ფორუმი მეათედ ჩატარდა

1770813517

კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში ინტერნეტ მმართველობის რიგით მე-10 გლობალური ფორუმი (IGF) გაიმართა. ღონისძიების გახსნით ნაწილში ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ციფრულ ტრანსფორმაციასა და მის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებაზე, ასევე, საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობასა და ამ პროცესში, ჩართულობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება. გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღეს ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა ყუბუსიძემ. ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას, ონლაინ რეჟიმში ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) განვითარების ბიუროს დირექტორმა, კოსმას ზავაზავამ მიმართა და კომუნიკაციების კომისიას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობისთვის, ასევე ფორუმის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

კოსმას ზავაზავამ აღნიშნა ისიც, რომ ComCom-ისა და საქართველოს აქტიური ჩართულობა ITU-ს ინიციატივებში უმნიშვნელოვანესია მარეგულირებელი ჩარჩოსა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) სახელით IGF-ის მონაწილეებს ასევე მიესალმა გაბრიელა შიტეკი, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის დირექტორი ნორდიკული ქვეყნებისა და ცენტრალური ევროპისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, ეკატერინე იმედაძემ მოდერაცია გაუწია სესიას „ინტერნეტის მომავალი: WSIS+20, მრავალი დაინტერესებული მხარის თანამშრომლობა“, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა ყუბუსიძემ, ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორმა, იაროსლავ პონდერმა, საუდის არაბეთის კომუნიკაციების, კოსმოსის და ტექნოლოგიების კომისიის რეგულაციისა და კონკურენციის სექტორის მმართველის მოადგილემ, ომარ აბდულრაჰმან ალ რეჯრაჯემ, კვიპროსის კომუნიკაციების კომისიის კომისრის მოადგილემ, პეტროს გალიდესმა და კონგოს ფოსტისა და ელ. კომუნიკაციების სააგენტოს (ARPCE) გენერალურმა დირექტორმა ლუის-მარკ საკალამ. სესიის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა ინტერნეტ მმართველობის ფორუმის სახელმწიფო ინსტიტუციებისა და ციფრული მმართველობის განყოფილების პროგრამული მართვის ოფიცერმა, ანია გენგომ.

ამავდროულად, ეკატერინე იმედაძის მოდერაციით, IGF-ის ფორუმზე კიდევ ერთი სესია - „ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ბაზრის გახსნა“ გაიმართა, სადაც ComCom-ის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე სიჭინავა, ტელეკომის მიმართულებით საკონსულტაციო კომპანიის „M2E Strategy“-სა და ComCom-ის მიერ განხორციელებული სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის ექსპერტი, დომაგო იურევიჩი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო  ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარე, უჩა სეთური და ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თორნიკე სულაბერიძე მონაწილეობდნენ. სესიაზე განხილული იყო საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციები, გამოწვევები და სამომავლო ინიციატივები.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა სესია „ინტერნეტის ეკოსისტემა - სახელმწიფო სტრატეგია, ინფრასტრუქტურა და ციფრული უნარები“, რომლის ფარგლებშიც ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ დახუნდარიძემ მიიღო მონაწილეობა და ComCom-ის  მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები მიმოიხილა. განსაკუთრებული ყურადღება მარიამ დახუნდარიძემ ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ დაუთმო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ციფრული წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლების მიზნით, პროგრამის ფარგლებში უკვე 11,000-ზე მეტი პირი გადამზადდა. შეხვედრას მოდერაცია ეკა ყუბუსიძემ გაუწია, ხოლო მონაწილეობა  „ოუფენნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ, უჩა სეთურმა მიიღეს.

ფორუმზე ასევე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის ხელოვნური ინტელექტის საფრთხეები და შესაძლებლობები, საქართველოს კიბერუსაფრთხოება, ამ თვალსაზრისით არსებული პრაქტიკა, დინამიკა და გამოწვევები.

IGF ინტერნეტ-მმართველობის საკითხებზე უმნიშვნელოვანეს გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს და ინტერნეტ-მმართველობასა და ციფრულ სფეროსთან დაკავშირებული უწყებების, კერძო სექტორისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, დიალოგის ხელშეწყობასა და გლობალური ციფრული გამოწვევების გადაჭრისთვის ქმედითი გადაწყვეტილებების შემუშავებას.

ეკონომიკა

გამოგვყევით