კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ, კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეული გახსნა, რომლის ფარგლებშიც ტელეკომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებლების უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ComCom-ის მნიშვნელოვანი პროექტები მიმოიხილა. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე ComCom-ის წევრი, ეკატერინე იმედაძე და ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე იღებდნენ. მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეული კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ასევე, ComCom-ის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სემეკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით თბილისსა და რეგიონებში იმართება.
კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. ასევე განათლების, მეცნიერებისა ახალგაზრდობის მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის, იუსტიციის და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები.
სიტყვით გამოსვლისას, ვახტანგ აბაშიძემ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციები შეაჯამა და მობილური აბონენტების, მობილური ინტერნეტის მომსახურებებისა და ინტერნეტის მოხმარების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მისი თქმით, მობილური მომსახურებების აბონენტების რაოდენობა 2025 წლის ბოლო მონაცემებით 6.4 მილიონი იყო, საიდანაც „მაგთიკომს“ - 2.6, „სილქნეტს“ – 2.3, „სელფი მობაილს“ კი 1.5 მილიონი აბონენტი ჰყავდათ. ComCom-ის წევრმა აღნიშნა ისიც, რომ მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობამ 5.1 მილიონი შეადგინა, საიდანაც „მაგთიკომს“ – 1.95, „სილქნეტს“ 1.80, ხოლო „სელფი მობაილს“ – 1,37 მილიონი აბონენტი ჰყავდათ. რაც შეეხება მობილური ინტერნეტის მოხმარებას საშუალოდ ერთ ადამიანზე თვეში, ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ მაჩვენებელმა თითქმის 16GB-მდე შეადგინა და ყოველწლიურად მზარდია. ტენდენციების მიმოხილვისას, კომისიის წევრმა ფიქსირებულ ინტერნეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ბოლო მონაცემებით 1 208 000 აბონენტი, ჯამში კი ოჯახების 97% იყენებდა.
ამასთან ერთად კი, ვახტანგ აბაშიძემ მიმოიხილა ComCom-ის პლატფორმები, რომლებიც მომხმარებლებს 24-საათიან რეჟიმში აძლევს შესაძლებლობას, შეამოწმონ ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხი და პრობლემის შემთხვევაში, მიმართონ კომისიას.
ღონისძიების ფარგლებში ComCom-ის წევრმა ისაუბრა სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტზე და აღნიშნა, რომ პროექტის დაწყებიდან კომპანია „ოუფენ ნეტმა“, ComCom-ის მხარდაჭერით უკვე 3000-კილომეტრიანი ოპტიკური მაგისტრალი ააშენა, რაც 260 000 მოსახლეს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ვახტანგ აბაშიძემ ყურადღება ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამაზე“ გაამახვილა: „პროგრამის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული ცნობიერების ამაღლება, მათთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლება და ციფრულ ეკონომიკაში ჩართულობის ხელშეწყობა. პროექტის დაწყებიდან ჩატარდა 800-მდე სემინარი და სრულიად უფასოდ უკვე 10 000-ზე მეტი ბენეფიციარია გადამზადებული.“ - განაცხადა მან.
თავის სიტყვაში, ვახტანგ აბაშიძემ მაყურებელთა უფლებების დაცვაზე და ამ პროცესში კომისიის, როგორც მარეგულირებლის როლზე ისაუბრა:
„დღეს ქვეყანაში გვაქვს მედია პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და 100-ზე მეტი ტელევიზია, საიდანაც 21 ეროვნული მაუწყებელია. მედია მრავალფეროვნებამ და პლურალიზმმა ახალი გამოწვევებიც გააჩინა, როგორიცაა: დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია, ფაქტის, მოსაზრების, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევა, რაც მაყურებელზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. კომისია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ დაიცვას მაყურებლის საუკეთესო ინტერესები.“ – განაცხადა ComCom-ის წევრმა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად კომისიას უკვე აქვს სრულად ევროპული კანონმდებლობა.
„კომისიის მიზანია მედიამ დაიცვას კანონი და ჟურნალისტიკის ფუნდამენტური სტანდარტები, რომლებიც აკმაყოფილებს სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ძირითად პრინციპებს, რათა მაყურებლის ინტერესები იყოს დაცული და მათ ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რაც ასეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელია როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.“ - აღნიშნა ვახტანგ აბაშიძემ.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა დისკუსია მომხმარებლის დაცვის მიმართულებით დანერგილი სტანდარტების, შედეგებისა და გამოწვევების შესახებ, სადაც მონაწილეობა ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიიღო და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში და საჩივრების სტატისტიკა წარადგინა. გვანცა ჩხეიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა გასულ წელს ჩატარებულ 160 საინფორმაციო შეხვედრაზე, რაც, მისივე თქმით, პირდაპირ გავლენას ახდენს მომხმარებელთა მომართვიანობის მზარდ მაჩვენებელზე.