logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"ეს უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო იყოს რეგიონული ლიდერი" - ავთანდილ კასრაძე IT ბინადრობის უფლებაზე

"ეს უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო იყოს რეგიონული ლიდერი" - ავთანდილ კასრაძე IT ბინადრობის უფლებაზე

1750358128

"ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო  იყოს რეგიონული ლიდერი და ტალანტების მიზიდულობის ცენტრი, - ასე შეაფასა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს  თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ,  უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში IT ბინადრობის უფლების მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

მისი თქმით, აბსოლუტურად მთელ მსოფლიოში, ყველა ქვეყანა, აშშ-დან დაწყებული ევროკავშირის ქვეყნებით გაგრძელებული ცდილობს, რომ საუკეთესო ტალანტები მოიზიდოს, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიურ სფეროში.

„საქართველოს პარლამენტმა უმნიშვნელოვანესი კანონი დაამტკიცა, რომელიც ეხება უცხოელი სპეციალისტებისთვის IT ბინადრობის უფრო მარტივი გზით მინიჭების შესაძლებლობას. ამაში თავიდანვე ჩართული იყო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მათ შორის ინიცირების ნაწილში. ამის მიზანი რამდენიმე იყო, მათ შორის ის, რომ ამ გზით ინოვაციების ეკოსისტემა იზრდება და საქართველო კიდევ უფრო მეტად ხდება მიზიდულობის ცენტრი მაშინ, როდესაც აქ არიან წარმოდგენილები საუკეთესო ტალანტები რეგიონული მასშტაბით“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე ინფორმაციით, IT ბინადრობის უფლების მინიჭების გადაწყვეტილების მიღება, ქვეყანაში უცხოელი IT  სპეციალისტების არსებულმა სტატისტიკურმა მაჩვენებლებმაც განაპირობა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები შემოიღო უცხოური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის.  დღეს უკვე 176 საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია მოქმედებს საქართველოში და მათ ჰყავთ დასაქმებული ადამიანები მთელი მსოფლიოდან. ჩვენ ვუყურებთ სტატისტიკას, თუ როგორ იზრდება საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების რაოდენობა. ამასთანავე, იგივე პროცენტულობით არ იზრდება უცხოელი დასაქმებულების რიცხვი. ამის ერთ-ერთი მიზეზიც არის ის, რომ აიტი სპეციალისტები ვერ აკმაყოფილებენ შრომითი ბინადრობის იმ რთულ რეგულაციებს, რომელიც ქვეყანაში ამ დრომდე არსებობდა. სწორედ აქედან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ IT ბინადრობის უფლება შემოგვეღო“, - განაცხადა კასრაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში 3000-ზე მეტი უცხოელი სპეციალისტია დღეს დასაქმებული. რაც შეეხება უცხოელ ე.წ ფრილანსერებს, მათი რიცხვი 25 ათასამდე.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანების მხრიდან არსებობდა სურვილი, რომ აქ ეცხოვრათ და აქედანვე განეხორციელებინათ თავიანთი საქმიანობა. ამიტომაც მივიღეთ ეს კანონი. ჩვენი მიზანია, რომ ამ ადამიანებმა აქ იცხოვრონ და საქართველოს ეკონომიკაში კონტრიბუცია შეიტანონ“, - განმარტა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს  თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში IT ბინადრობის მიღებას სექტემბრიდან შეძლებენ. საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე მიიღო კანონი, რომელიც შემოდგომიდან ამოქმედდება.

გამოგვყევით