„მაგთიკომმა“ 5G ლიცენზიის შეძენის საფასური გაასაჩივრა. ამის შესახებ კომპანიის იურისტი ლევან გიორგაძე აცხადებს. მისი თქმით, „მაგთიკომს“ ლიცენზიის შეძენა შვიდნახევრჯერ ძვირად მოუწია, რაც ფასის ხელოვნურად გაზრდაზე მიუთითებს.
„ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ საკმაოდ მოკლე პერიოდში და ერთწლიან მონაკვეთში 7-ნახევარჯერ გაიზარდოს ლიცენზირების საფასური და ძალიან დასაბუთებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი განხორციელდა ხელოვნურად, მარტო იმის გამო, რომ „მაგთიკომმა“ მოითხოვა ამ სიხშირეების შეძენა. ეს ნაწილიც, სამართლებრივი დავის ნაწილია და აქაც შევეცდებით, ჩვენი სიმართლე დავადასტუროთ.
ჩვენ არ გვქონდა ფიზიკური შესაძლებლობა და იმის კომფორტი, რომ აუქციონში მონაწილეობაზე უარი განგვეცხადებინა. ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი მომხმარებლების წინაშე, რომ მათ შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება და ის პერიოდიც, როდესაც ვერ შევიძინეთ ეს სიხშირეები და ხელოვნური დაბრკოლებები ჰქონდა კომპანიას, ამისთვისაც ბოდიშს ვუხდით მომხმარებელს, რომ არ იყო ეს სერვისები ხელმისაწვდომი“ - აცხადებს ლევან გიორგაძე.
მისივე თქმით, საქართველოში გენერირებული ინტერნეტის ყველაზე მაღალი წილი „მაგთიკომზე“ მოდის და სხვა ოპერატორებს აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონდათ.
„ჩვენ უბრალოდ, სხვა გზა არ გვქონდა, რომ არ დაგვემატებინა ეს სიხშირული რესურსი. რაც შეეხება ფასს, მას, როგორც წესი, განსაზღვრავს მოთხოვნა. კომისიას გამოცხადებული ჰქონდა 21 ლოტზე აუქციონი, სადიანაც 14 ჩაიშალა, რადგან სხვა ოპერატორებს მონაწილეობის სურვილი არ ჰქონდათ, ანუ ფასის გაზრდის მიზეზი რომ ყოფილიყო მოთხოვნა, ასეთი ფაქტი არ დადასტურებულა.
რაც შეეხება მობილური და ფიქსირებული ბაზრის კვლევას, სექტემბერში გასაჩივრდა ორივე გადაწყვეტილება, რაც შეეხება მოლოდინებს, ობიექტური სასამართლოს პირობებში, ცალსახად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რადგან, იმდენად ცალსახაა კომისიის მხრიდან გადაწყვეტილების უკანონობის შინაარსი, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი სიმართლის დადასტურებას, ხაზს ვუსვამ, ობიექტური სასამართლოს პირობებში“ - აცხადებს ლევან გიორგაძე.
კომპანია "მაგთიკომმა" 5G ლიცენზია 149 მლნ ლარად შეიძინა. კომპანიამ უარი თქვა MVNO დაშვების ვალდებულებაზე, რის გამოც, ვერ ისარგებლა 20%-იანი ფასდაკლებით, რაც MVNO დაშვების შემთხვევაში, კომპანიებისთვის იყო გათვალისწინებული.