logo
Loading data...

სასტუმრო "კვირია" 2024 წელს ვიზიტორების 15-20%-იან  ზრდას გეგმავს

სასტუმრო "კვირია" 2024 წელს ვიზიტორების 15-20%-იან  ზრდას გეგმავს

1707115565

კახეთში პანდემიურ პერიოდში შექმნილი ბუტიკ სასტუმრო ''კვირიას'' სერვისებზე მოთხოვნა ზრდად ტენდენციას აგრძელებს. როგორც  სასტუმროს მენეჯერი თაკო სამყურაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, 2023 წელს ,,კვირიამ“ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. ასეთივე დადებითია წლევანდელ სეზონთან დაკავშირებული მოლოდინიც. კერძოდ,  სასტუმრო 15-20%-იან ზრდას გეგმავს.

რაც შეეხება ვიზიტებს, თაკო სამყურაშვილის ინფორმაციით, სწორება განვითარებული ქვეყნებზეა.  ვიზიტორებში კი პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებია.

,,პანდემიურ პერიოდშივე ,,კვირიას“ მიმართ დიდი ინტერესი იყო. ჩვენ შევძელით იმ დროს კრიზისული სიტუაციის დაძლევა და პოსტპანდემიურ პერიოდშივე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. გასული წელი საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ პანდემიური გამოწვევა საბოლოოდ იქნა დაძლეული და 2022 წელთან შედარებით, მოთხოვნის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ტემპს ვინარჩუნებთ და უკვე 2024 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ზრდა დაახლოებით 15-20%-ის ფარგლებში. მაღალი, ამერიკული სტანდარტის სასტუმროს წარმოვადგენთ. შესაბამისად, ვიზიტორებს შორის დიდი ნაწილი განვითარებული ქვეყნებიდანაა.  2024 წლის ზაფხულის ჯავშნებს უკვე ვიღებთ და მათი  უმეტესობა დიდი ბრიტანეთიდანაა. ცხადია, სხვა ქვეყნებიდანაც არის აქტიურობა. გარდა იმისა, რომ საუკეთესო სერვისებს ვთავაზობთ მომხმარებლებს, ეკოლოგიური სასტუმროს ნიშა გვიჭირავს და სასტუმრო ამ კუთხითაც დიდ ინტერესს იწვევს “, - აცხადებს თაკო სამყურაშვილი.

გარდა ამისა, ბუტიკი სასტუმრო „კვირია“ დამსვენებლებს საკუთარ ღვინოს სთავაზობს. ეს არის ,,მათისი“,  რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით მზადდება და მხოლოდ სასტუმროში იყიდება.

ცნობისთვის,  ბუტიკი სასტუმრო კვირია 2021 წლის გაზაფხულზე  აშშ-ში 17-წლიან ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ  დაბრუნებულმა  ცოლ–ქმარმა, ალექსანდრე მელაშვილმა და მაია ჭინჭარაულმა თელავში გახსნეს.  სასტუმროში სულ 14 ნომერია, აქედან 12 სტანდარტული, ერთი საოჯახო და ერთი ლუქსი.

სასტუმროს საწყისი საინვესტიციო ღირებულება ₾ 750 000 -ია. თუმცა, როგორც სასტუმროს მენეჯერი აღნიშნავს, ამ თანხამ რამდენიმეჯერ განიცადა კორექტირება ზრდის მიმართულებით, სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული პროექტების შესაბამისად. სულ ცოტა ხნის წინ კი სასტუმროს სარესტორნო სივრცე განახლდა და რამდენიმე მაგიდა დაემატა.

სასტუმრო ‘’კვირია“ სტაბილურად 15 ადამიანს ასაქმებს.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით