საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ამბროლაურში წყალმომარაგების სისტემის სრულმასშტაბიან განახლებაზე მუშაობს. პროექტი მოიცავს როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოებს და მიზნად რეგიონში წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებას ისახავს.
"სამუშაო შეხვედრა გაიმართა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნიაში, რის შემდეგაც კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, თანმხლები მოადგილეები, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველაძე, მისი პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე და მოადგილეები ბერდია ჩანქსელიანი, ალუდა თუთისანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და პროექტის დეტალები განიხილეს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კრიხისა და სხვას სათავე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია. სხვას სათავეზე მოეწყობა თანამედროვე წყლის გამწმენდი ნაგებობა სრული წმენდის ციკლით, რაც უზრუნველყოფს წყლის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს: არსებულ გამანაწილებელ ქსელებში ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურის (40 ერთეული) განახლებას და თანამედროვე SCADA სისტემის დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს წყლის სისტემის ეფექტიან, დისტანციურ მონიტორინგსა და მართვას. დაგეგმილია 1680 აღრიცხვის კვანძის მონტაჟი, დაახლოებით 40 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელის მოწყობა და 13 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური მილის გაჭრა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 8 ერთეულ წყლის რეზერვუარს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სისტემის გამტარიანობასა და სტაბილურობას.
პროექტის დასრულების შედეგად, ქალაქ ამბროლაურის მოსახლეობა, დაახლოებით, 4,200 ბენეფიციარი 24-საათიანი, უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი."-აღნიშნულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.