"ლიბერთი ბანკის" და "ბაზისბანკის" გამსხვილებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათ ჯამში ბაზრის დაახლოებით 10% ექნებათ ათვისებული.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა, "ლიბერთის" და "ბაზისბანკს", აღნიშნულ საკითხზე, ეროვნული ბანკისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა არაოფიციალური კონსულტაციები უკვე გაიმართა.
"ლიბერთი ბანკი" არის ჩვენი მესამე, ე.წ. სისტემური ბანკი, სიდიდით მას მოსდევს "ბაზისბანკი". ჯამში ბაზრის დაახლოებით 10% ექნებათ მათ. ასეთ ცვლილებას, ჩვენ მივესალმებით. ოფიციალურად ჯერ არ მოუმართავთ, თუმცა, სანამ საჯარო განცხადებას გააკეთებდნენ, რეგულატორთან არაოფიციალური კონსულტაციები, რა თქმა უნდა, იყო. როდესაც მოგვმართავენ, შევისწავლით საბუთებს და ყველა წესის დაცვით ვიმოქმედებთ. თუმცა, მივესალმებით პერსპექტივას, რომ ბაზარზე გაჩნდეს მესამე და მეოთხე მსხვილი ბანკი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.