logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"იაპონიაში მომხმარებელთა რაოდენობა 15%-ით გაიზარდა, უცხოელების მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ" - ექიმის ბიო მარანი

უცხოური ბაზრისთვის ქართული ღვინო ღვინო ყოველწლიურად უფრო საინტერესო ხდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში მდებარე, ექიმის ბიო მარნის დამფუძნებელი, მარინა კაკიაშვილი რუაძე აღნიშნავს, ჯამში 5 სახეობის ღვინო,  კომპანიას ექსპორტზე იაპონიასა და ინგლისში გააქვს. უცხოელი მომხმარებლების რაოდენობა კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა.

მარნის დამფუძნებლის ინფორმაციით, უცხოელები ნატურალურ, ბიო ღვინოს ითხოვენ, რასაც მისი კომპანია აკმაყოფილებს.

"საკუთარი ვენახი მაქვს, რომელიც 1 ჰექტარს მოიცავს. მცირე მეწარმეობას ვეწევი, თუმცა ორიენტირებული ვარ, რომ პრემიუმ ხარიხის ღვინო ვაწარმოო. ჯამში 3 ჯიშის ყურძნისგან 5 სახეობის ღვინოს ვიღებ. კერძოდ, გაშენებული მაქვს: რქაწითელი, საფერავი და ხიხვი, ხოლო ვაწარმოებ: საფერავს, რქაწითელს, ევროპულად დაყენებულ საფერავს და როზეს. მინდა გითხრათ, რომ მომხმარებლების მხრიდან, თითქმის ყველა ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამჟამად, წარმადობა გავზარდე და 5 000 ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებ. ამ ყველაფრის პარალელურად, მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა.

იმის გამო, რომ ჩვენ უფრო მცირე წარმოება გვქონდა და ვენახი ახალგაზრდა იყო, ვაზს დიდი მსხმოიარობა არ ჰქონდა, ღვინო მთლიანად ექსპორტზე გადიოდა, მაგრამ ახალა, როდესაც წარმადობა შედარებით გაიზარდა, ვფიქრობთ, პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზეც შევიტან. რამდენიმე თვეში, ალბათ, რამდენიმე ღვინის მაღაზიაში შევალ. ამ ეტაპზე, ღვინის მაღაზიებთან მოლაპარაკების რეჟიმზე ვართ", - აღნიშნავს მარნის დამფუძნებელი.

მარინა კაკიაშვილი უცხოურ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც საუბრობს და ხაზი უსვამს, რომ დიდი კონკურენციის მიუხედავად, მოთხოვნის შესაბამისი პროდუქტის მიწოდებისას მომხმარებლების ნაკლებობა არ არის.

"ექსპორტს რაც შეეხება, იაპონიასა და ინგლისში გავდივარ. 5 000 ბოთლიდან ნახევარი ინგლისში იყიდება და ნახევარი -  იაპონიაში. უცხოეთის ბაზარზე კონკურენცია დიდია, თუმცა მე ბუნებრივ, ბიო ღვინოს ვაწარმოებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენახის მოვლა ყოველგვარი ქიმიური ქიმიკატების გარეშე ხდება, როგორი ხასიათის ღვინოც ჩამოყალიბდება, ისეთია... ასევე აღნიშნულ ქვეყნებში უნდათ, რომ ღვინოს ფილტრაცია არ ჰქონდეს. მოკლედ, რა მოთხოვნაცაა ვაკმაყოფილებ. საექსპორტო მიმართულების გაზრდას ვაპირებ, ამჟამად, სხვადასხვა, ქვეყნებთან მოლაპარაკებები მაქვს. 

ამ ეტაპზე, მარნისა და სადეგუსტაციო სივრცის კეთილმოწყობის პროცესში ვარ და ვიზიტორებს არ ვიღებ. მოთხოვნა ძალიან დიდია და მინდა, ტურისტებს შესაბამისი სტანდარტებით დავხვდე. დაახლოებით, 1 წელის შემდეგ მარანი სრულად დასრულდება. ვფიქრობ, მომხმარებლების 50% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, 50% კი უცხოელი", - აღნიშნავს ექიმის ბიო მარნის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში მდებარე, ექიმის ბიო მარნის ვენახი 1 ჰექტარზეა გაშენებული.

გამოგვყევით