logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"იაპონიიდან საქართველოში ინვესტიციები ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორზეა კონცენტრირებული" - თეიმურაზ ლეჟავა

იაპონიიდან საქართველოში ინვესტიციები ძირითადად ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორებზეა კონცენტრირებული, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო წლებში იაპონური მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება გაიზარდა.

„იაპონური ინვესტიციების მიმართ დაინტერესება ბოლო წლებში აშკარად გაიზარდა. საქართველოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სფეროში და ლოგისტიკურ საკითხებში. “შუა დერეფანი” აერთიანებს და აკავშირებს აზიასა და ევროპას და აქ საქართველოს შესაძლებლობა აქვს კარგი და ჭკვიანი პლატფორმა შესთავაზოს არამარტო მეზობელ ქვეყნებს, არამედ ისეთ პარტნიორს როგორიც არის იაპონია. აღსანიშნავია, რომ იაპონია ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგი მეგობარია.  იაპონია ძალიან ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, მაგრამ ამავდროულად პოლიტიკურადაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩვენთან. გარდა იმისა, რომ იაპონია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერ ქვეყანას წარმოადგენს, ყველა რეზოლუციაში („აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ და „თანამშრომლობა საქართველოსთან“) ყოველთვის მხარს გვიჭერს და სწორედ ამიტომ ეს დასაფასებელია, რომ ასეთი მეგობარი ქვეყანა კიდევ უფრო შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულებით კარგად ვვითარდებით.

ბოლო წლებში იაპონური მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება გაიზარდა და რამდენიმე საკითხს შევეხები. მათ შორის, ძალაში შევიდა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმება. გარდა ამისა, 2021 წელს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას. ამ შეთანხმებების შემდეგ უმსხვილესმა იაპონურმა სადაზღვევო კომპანიამ „NEXI“ (იაპონური ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევა) მემორანდუმი დადო საქართველოს მთავრობასთან. აღნიშნულის ფარგლებში იაპონურ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ბიზნესი დააზღვიონ იაპონური სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით, როდესაც ისინი ქართულ ბაზარზე შემოდიან.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის გაზაფხულზე, იაპონურმა ენერგოგიგანტმა, კომპანია TEPCO Renewable Power-მა (TEPCO RP) ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ენერგოსისტემაში - “დარიალი ჰესზე” და პროექტის 31.4% წილი შეიძინა. ანუ იაპონური კომპანია ქართული ჰიდროელექტროსადგურის მეწილე გახდა, რაც ძალიან კარგი სიახლე იყო ჩვენთვის, რადგან ენერგეტიკის სფერო უმნიშვნელოვანესია და მით უმეტეს, ეს არის განახლება ენერგია“, - აცხადებს თეიმურაზ ლეჟავა.

გარდა ენერგეტიკისა, დღეს საქართველოში იაპონური კაპიტალი სხვა სექტორებშიც მონაწილეობს. ელჩის განცხადებით, გასულ წელს იაპონური კომპანია ქართულ მიკროსაფინანსო სფეროშიც შემოვიდა, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„იაპონიას და საქართველოს მთავრობებს შორის ასევე, გაფორმდა მემორანდუმი „ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM)“ რომელიც ეხება დეკარბონიზაციას. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ იაპონური ან ქართული კომპანიები ისეთ პროექტებს განახორციელებენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ემისიების შემცირებას და ა.შ. - ასეთ პროექტებში ამ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მიღება გაუადვილდებათ.

ამ ყველაფერს ბოლო პერიოდში კიდევ ერთი საინტერესო სიახლე დაემატა. 2024 წლის დეკემბერში იაპონური საფინანსო კომპანია შემოვიდა ქართულ მიკროსაფინანსო სფეროში. კერძოდ, იაპონურმა ჰოლდინგმა Gojo & Company, Inc.-მა 2024 წლის დეკემბერში შეიძინა “კრედო ბანკის” 16.8% წილი, რაც კომპანიის პირველი ინვესტიციაა საქართველოში“, - აცხადებს თეიმურაზ ლეჟავა.

იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მიღწევებსა და პერსპექტივებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავასთან სრული ინტერვიუ იხილეთ აქ

გამოგვყევით