logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იაპონია-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ტენდენციები - სრული ინტერვიუ საქართველოს ელჩთან იაპონიაში

იაპონია და საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე ეტაპობრივად გადადიან. იაპონური კომპანიების მხრიდან ინტერესი იზრდება. ინვესტიციები მიანიშნებს, რომ კავკასიური რეგიონი და კერძოდ, საქართველო აღარ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე სივრცე  - ის ბიზნესის პოტენციურ ჰაბადაც იქცევა.

ამ ტენდენციების უკეთ გასაცნობად, „ბიზნესპარტნიორი“ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას დაუკავშირდა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა იაპონიიდან საქართველოში განხორციელებულ, უკანასკნელი პერიოდის ინვესტიციებზე, სამომავლო მოლოდინებზე, სავაჭრო შეთანხმებებსა და იმ გზაზე, რომელიც ორ ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს.

- ბატონო თეიმურაზ, იაპონიის მხრიდან ეკონომიკური ინტერესის მზარდი ტალღა იგრძნობა და ამას ინვესტიციების მოცულობის ზრდის სტატისტიკა მოწმობს. როგორ შეაფასებდით ამ პროცესს და ყველაზე დიდი ინტერესი რომელი სექტორების მიმართ არის?

- იაპონური ინვესტიციების მიმართ დაინტერესება ბოლო წლებში აშკარად გაიზარდა. საქართველოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სფეროში და ლოგისტიკურ საკითხებში. “შუა დერეფანი” აერთიანებს და აკავშირებს აზიასა და ევროპას და აქ საქართველოს შესაძლებლობა აქვს კარგი და ჭკვიანი პლატფორმა შესთავაზოს არამარტო მეზობელ ქვეყნებს, არამედ ისეთ პარტნიორს, როგორიც არის იაპონია. აღსანიშნავია, რომ იაპონია ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგი მეგობარია.  იაპონია ძალიან ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, მაგრამ ამავდროულად პოლიტიკურადაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩვენთან. გარდა იმისა, რომ იაპონია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერ ქვეყანას წარმოადგენს, ყველა რეზოლუციაში („აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ და „თანამშრომლობა საქართველოსთან“) ყოველთვის მხარს გვიჭერს და სწორედ ამიტომ ეს დასაფასებელია, რომ ასეთი მეგობარი ქვეყანა კიდევ უფრო შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულებით კარგად ვვითარდებით.

ბოლო წლებში იაპონური მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება გაიზარდა და რამდენიმე საკითხს შევეხები. მათ შორის, ძალაში შევიდა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმება. გარდა ამისა, 2021 წელს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას. ამ შეთანხმებების შემდეგ უმსხვილესმა იაპონურმა სადაზღვევო კომპანია NEXI-მ (იაპონური ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევა) მემორანდუმი დადო საქართველოს მთავრობასთან. აღნიშნულის ფარგლებში იაპონურ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ბიზნესი დააზღვიონ იაპონური სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით, როდესაც ისინი ქართულ ბაზარზე შემოდიან.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის გაზაფხულზე, იაპონურმა ენერგოგიგანტმა, კომპანია TEPCO Renewable Power-მა (TEPCO RP) ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ენერგოსისტემაში - “დარიალი ჰესზე” და პროექტის 31.4% წილი შეიძინა. ანუ იაპონური კომპანია ქართული ჰიდროელექტროსადგურის მეწილე გახდა, რაც ძალიან კარგი სიახლე იყო ჩვენთვის, რადგან ენერგეტიკის სფერო უმნიშვნელოვანესია და მით უმეტეს, ეს არის განახლება ენერგია.

- საქართველოში ენერგეტიკის გარდა, სხვა სექტორებშიც თუ არის იაპონური კაპიტალი და რომელში?

- დიახ, იაპონიას და საქართველოს მთავრობებს შორის ასევე, გაფორმდა მემორანდუმი „ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM)“ რომელიც ეხება დეკარბონიზაციას. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ იაპონური ან ქართული კომპანიები ისეთ პროექტებს განახორციელებენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ემისიების შემცირებას და ა.შ. - ასეთ პროექტებში ამ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მიღება გაუადვილდებათ.

ამ ყველაფერს ბოლო პერიოდში კიდევ ერთი საინტერესო სიახლე დაემატა. 2024 წლის დეკემბერში იაპონური საფინანსო კომპანია შემოვიდა ქართულ მიკროსაფინანსო სფეროში. კერძოდ, იაპონურმა ჰოლდინგმა Gojo & Company, Inc.-მა 2024 წლის დეკემბერში შეიძინა “კრედო ბანკის” 16.8% წილი, რაც კომპანიის პირველი ინვესტიციაა საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ გასულ წელს იაპონური კომპანია ქართულ მიკროსაფინანსო სფეროშიც შემოვიდა, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

- ამასთან, რამდენად უწყობს ხელს ქვეყნების ურთიერთობას ინსტიტუციური მხარდაჭერა?

- იაპონიაში დაფუძნდა იაპონია-საქართველოს სავაჭრო პალატა, რომელიც უკვე 20-მდე კომპანიას აერთიანებს. ეს ინიციატივა იაპონიის ყოფილ ელჩს, ბატონ ტადაჰარუ უეჰარას ეკუთვნის და უკვე იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს ავტორიზაციაც აქვს. ასეთი პლატფორმები ხელს უწყობს ურთიერთობების გამყარებას, ინფორმაციის გაცვლას და ბიზნესკონტაქტების გაღრმავებას.

2021 წლიდან ინვესტიციების მოცულობა იაპონიიდან საქართველოში იზრდება. 2020-2021 წელს იაპონია საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით 21-ე ადგილს იკავებდა, ხოლო ახლა 10-ეულში შედის. კერძოდ, იაპონია საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით 2021 წელს 27-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2024 წელს მე-8-ე ადგილზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, მონაცემების თანახმად, საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2021 წელს 205 691.14 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წელს 564 401.31 აშშ დოლარი.

იაპონია სტაბილურად ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს და ინვესტიციების კუთხით ძალიან გააქტიურებულები არიან. მთლიან სურათს, რომ შევხედოთ ქვეყნებს შორის უკვე ძალიან კარგი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ იაპონიიდან ინვესტიციები კიდევ უფრო გააქტიურდეს.

- საინტერესოა, როგორია უახლოესი პერსპექტივები - განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და სტარტაპების თვალსაზრისით?

- ძალიან დროული იყო თქვენთან ინტერვიუ, რადგან 16 ივნისს საქართველოში სტარტაპების დელეგაცია ჩამოდის, რომელსაც იაპონია-საქართველოს სავაჭრო პალატა აორგანიზებს და 34 ადამიანი 24 სხვადასხვა სტრუქტურიდან უკვე დარეგისტრირებულია ამ მისიაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ვიზიტია და შესაბამისად, სტარტაპის მიმართულებითაც ძალიან დიდი დაინტერესებაა იაპონიის მხრიდან.

- რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას - რა ეტაპზეა აღნიშნულთან დაკავშირებით პროცესი? როგორ მიდის მუშაობა იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით?

- იაპონიასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, ბევრი სიახლე არ არის, თუმცა ჩვენ აღნიშნულზე იაპონურ მხარესთან მუდმივად ვსაუბრობთ. ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება ჯერჯერობით არ მომხდარა, თუმცა გვინდა, რომ მივაღწიოთ ამას. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქართული კომპანიაა დაინტერესებული იაპონურ ბაზარზე შემოსვლით და მნიშვნელოვანია, რომ იაპონური ბაზარი თავისუფალი ვაჭრობით გაიხსნას. როგორც უკვე აღვნიშნე, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ რაღაც კარგი სიახლე გვქონდეს. მით უმეტეს ვიცით ამერიკის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ, რომელსაც „ტარიფების ომს“ ეძახიან და შესაბამისად, აქ ჩნდება შესაძლებლობები და ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ ჩვენ ამ კუთხით რაიმე კარგი სიახლე გვქონდეს.

- ასევე, უნდა გკითხოთ ორ ქვეყანას შორის ფრენების მიმართულებაზე. ამ კუთხით თუ არის რაიმე პროგრესი?

დიახ, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იაპონელ პოლიტიკოსებთან ამ თემაზე. მაღალი ინტერესია. მით უმეტეს იაპონიაში ახლა ტარდება გამოფენა „მსოფლიო ექსპო“ და დაინტერესებულები არიან ახალი მიმართულებებით. როგორც ვთქვი, ვინაიდან ასე აქტუალური ხდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ამის ალბათობაც თანდათან მატულობს და ინტერესი მეტი და მეტია. ჩვენ აღნიშნულზე მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ სიახლე ამ მიმართულებითაც გვექნება.

- მოგეხსენებათ, რომ ტურიზმის განვითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის. შესაბამისად, საინტერესოა როგორია იაპონელ ტურისტთა დაინტერესება საქართველოს მიმართულებით?

- იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობა ნელ-ნელა იზრდება. ჩვენ იაპონიაში ქართულ ფესტივალს უკვე მესამე წელია, რაც ვატარებთ. ფესტივალზე შარშან 150 ქართველი იყო ჩამოსული, მათ შორის, მოცეკვავეები, მომღერლები, ხელოვანები და სპორტსმენები. ჯამში დაახლოებით, 40 ათასი სტუმარი გვყავდა ფესტივალზე. აქ წარმოდგენილი იყო ქართული კერძები, ღვინო, სამოსი, ცეკვა, სიმღერა და სხვა კულტურული მიმართულებები.

ბოლო პერიოდში, იაპონიაში საქართველოს მიმართ ინტერესი ყველა მიმართულებით საგრძნობლად გაზრდილია, რაც რა თქმა უნდა, ტურიზმის სფეროს განვითარებას ეხმარება. იაპონიიდან ყველაზე მეტი ტურისტი 2019 წელს გვყავდა, ეს დაახლოებით, 10 000-მდე ვიზიტორს შეადგენდა და ვფიქრობ, რომ პოტენციალი ბევრად დიდია. კორონავირუსმა და იაპონური ვალუტის დასუსტებამ აღნიშნულ ტენდენციას ხელი შეუშალა, თუმცა ვფიქრობ წელს და მომდევნო წელს ახალ რეკორდულ რაოდენობებზე გავალთ.

- რას შეიძლება ველოდოთ იაპონელი ტურისტის ხარჯვის სტილიდან გამომდინარე? ისინი ხარჯავენ ბევრს, თუ უფრო ეკონომიურად იქცევიან?

- იაპონელს ეკონომიკურად დიდი შესაძლებლობა აქვს. ვფიქრობ, რომ ახლა სტანდარტული ტურისტი ვინც საქართველოში გვყავს, მათზე 2-3-ჯერ მეტს დახარჯავენ. სწორედ ამიტომ, ძალიან მომგებიანია იაპონელი ვიზიტორების ქვეყანაში შემოსვლა. აღნიშნული საკითხი ერთის მხრივ ეკონომიკურად არის მნიშვნელოვანი და მეორეს მხრივ, ტურისტული მიმართულების განვითარება ქვეყნებს შორის მეგობრობასა და ურთიერთობას აძლიერებს. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული იაპონური კულტურით. ძალიან ბევრი სარგებელი შეიძლება მივიღოთ ამ მიმართულებით განვითარებით და მათგან ბევრი რამ გადმოვიღოთ და ვისწავლოთ.

ჩვენ იაპონიის ტურიზმის სააგენტოსთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. აქაურ წამყვან ტურისტულ კომპანიებთან არაერთხელ გვქონია ერთობლივი ღონისძიებები და კამპანიები და ქართული ტურისტული კომპანიებიც ჩამოდიან ხოლმე, რომ პარტნიორები იპოვონ. რა თქმა უნდა ამ საკითხის კიდევ უფრო გააქტიურება სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების ერთობლივი ძალისხმევის მეშვეობით შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მიზანშეწონილი იქნება, რომ იაპონიაში მეტი რესურსი დაიხარჯოს, რადგან პოტენციალი ძალიან დიდია.

- რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიულ პროდუქტს - ღვინოს. საქართველოდან ღვინის ექსპორტზე რა ტენდენციებია იაპონურ ბაზარზე?

- საქართველოდან ღვინის ექსპორტის კუთხით მზარდი ტენდენციაა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უნიკალური ღვინის ქვეყანა ვართ, უნიკალური ისტორია. ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ღვინის სამშობლო ვართ. იაპონიას ძალიან დიდი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აქვს გურმე კულინარიის მიმართულებით. სწორედ ამის მაგალითია ის, რომ ტოკიოში მსოფლიოში ყველაზე მეტი "მიშელინის" სტატუსის მქონე ობიექტი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია იღებს მონაწილეობას ყოველწლიურად იაპონიაში ღონისძიებებსა და გამოფენებში და საქართველოს ღვინის ცნობადობა მაღალია, ცნობადობა არ ნიშნავს ხელმისაწვდომობას. იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ არც თუ ისე მაღალია. ძალიან დიდი კონკურენციაა. იაპონიაში წარმოდგენილია ფრანგული, ესპანური, იტალიური, სამხრეთ აფრიკული და სხვ. ქვეყნების პროდუქცია. ესენი დიდი ქვეყნები არიან, რომლებიც ძალიან დიდ მარკეტინგულ თანხებს ხარჯავენ.

რაც არ უნდა უნიკალური ისტორია გვქონდეს რამე გეგმა და სტრატეგია თუ არ გაქვს, ასე უბრალოდ უნიკალური ისტორია გვაქვს და წესით ხალხს უნდა მოეწონოს - ეს არ მუშაობს, ესე არ ხდება. იაპონიაში მარკეტინგული კომუნიკაცია გაცილებით სტრატეგიულად უნდა იყოს გამართული. ეს არის ყველაზე რთული. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩვენ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით შედარებით მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ისტორია, რაც გვაქვს ბევრად ღირებულია. სწორი მარკეტინგული კამპანიაა დასაგეგმი იაპონურ მოთამაშეებთან ერთად და ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

- იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა განვითარდეს, რა არის საჭირო და რა გამოწვევებია იაპონია-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით?

- ყველაზე დიდი საჭიროება ახლა ჩვენთვის არის ის, რომ იაპონიაში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაინახოს საქართველოს და ქართული ბაზრის პოტენციალი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისეთი ცნობადი არ არის იმ კუთხით, რომ ბევრი იაპონური კომპანია ქართულ ბაზარზე არ არის წარმოდგენილი. პროცესი წინ მიდის და ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით კარგი პერსპექტივები გაგვაჩნია. შესაბამისად, როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე კერძო სექტორმა, იაპონურმა კომპანიებმა ერთობლივად უნდა იმუშაოს და ვფიქრობ, კარგი შედეგები გვექნება და საქართველოსთვის იაპონია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს-პარტნიორი გახდება.

- და ბოლოს, რაც შეეხება პერსპექტივებსა და მოლოდინებს. როგორია თქვენი ხედვა - სად ხედავთ იაპონია-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს 5-10 წლის პერსპექტივაში?

- ვფიქრობ, რომ 5-10 წელს ქართულ ბაზარზე ბევრად უფრო მეტი იაპონური კომპანია იქნება შემოსული. განსაკუთრებით, სერვისების, ლოგისტიკის,  ენერგეტიკის კუთხით. მათ შორის, საშუალო და მსხვილი კომპანიები და უკვე გარკვეული საზოგადოება შეიქმნება და ინტერაქცია გახშირდება. ახლა იაპონური კომპანიების პატარა სოფელია საქართველოში.

ვფიქრობ, რომ ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორის გარდა, IT მიმართულებითაც შემოვლენ იაპონური კომპანიები, რადგან საქართველოს ძალიან კარგი გარემო აქვს ასეთი ბიზნესის საწარმოებლად. ამ კუთხით ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს.

გამოგვყევით