უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაცია სულ უფრო იზრდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში მდებარე, ექიმის ბიო მარნის დამფუძნებელი, მარინა კაკიაშვილი რუაძე აღნიშნავს, დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ გამოფენაში - RAW Wine Copenhagen მონაწილეობა ქართული საოჯახო მარნებისთვის დიდი გამოცდილება იყო.
მარინა კაკიაშვილის ინფორმაციით, უცხოელების მხრიდან გარკვეული სახის ტენდენცია შეიმჩნევა, კერძოდ, მცირე მარნების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება ქართულ, არტიზანული ხასიათის ღვინოს ეთმობა.
"ქართული ღვინო უცხოურ ბაზარზე დღითი დღე მოთხოვნადი ხდება და ღვინის ეროვნული სააგენტოს წვლილი ამ მიმართულებით ძალიან დიდია. მე ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი გახლავართ და მხოლოდ ამ ასოციაციის წევრებს, გამოფენაზე მონაწილეობის მიღება შეგვეძლო. გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა, ქვეყნებში იმართება, პირადად მე მონაწილეობა მიღებული მაქვს: კოპენჰაგენში, ბერლინში, პარიზში, ტოკიოში. მინდა გითხრათ, რომ დანიაში ქართულმა ღვინომ და კონკრეტულად ჩვენმა პროდუქტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია", - აღნიშნავს მარნის დამფუძნებელი.
მარინა კაკიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" მსგავს გამოფენებში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული მარნის წარმომადგენლებისთვის უცხოეთში გასვლითი ვიზიტები ძალიან აქტუალურია, რადგან პოტენციურ პარტნიორების შეძენის შესაძლებლობა ჩნდება.
"პოტენციურ პარტნიორებს შევხვდით, ჩვენი ღვინო დააგემოვნეს, საკონტაქტო გავცვალეთ და გარკვეული პროცესები დაიწყო. ვნახოთ, მომავალში მოვლენები, როგორ განვითარდება. ზოგადად, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა განსაკუთრებით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მეტია მარკეტინგული ჩართულობა მით უკეთესია - ცნობადობის გაზრდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია! უცხოეთში ყველანაირ ღვინოს თავისი მომხმარებელი ჰყავს. მცირე მარნების შემთხვევაში - ნიშურ, არტიზანულ ღვინოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
გამოწვევებს რაც შეეხება, ვფიქრობ, განსაკუთრებით ხელშეწყობა მცირე მარნებს სჭირდება. ძალიან კარგი საკონსულტაციო სერვისებია, მაგრამ უშუალოდ სხვადასხვა, აღჭურვის გრანტები, პროექტები, რომ იყოს ძალიან კარგი იქნებოდა", - აღნიშნავს მარინა კაკიაშვილი რუაძე.
ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი ექვსი საოჯახო მარანი დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ გამოფენა RAW Wine Copenhagen-ში მონაწილეობდა.
გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.