სასტუმროს საფასო კატეგორიიდან გამომდინარე, სტუმრების ძირითადი ნაწილი საშუალოზე მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტს განეკუთვნება, - ამის შესახებ სიღნაღში მდებარე სასტუმრო "ბოდბეს" მარკეტინგის ხელმძღვანელმა ქეთი ბახტურიძემ "ბიზნესპარტნიორთან განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროში გასულ სეზონებზეც საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო და ზაფხულის მოსვლასთან ერთად ეს აქტივობა კიდევ უფრო გაიზარდა.
"ზაფხულის პერიოდში უფრო მეტად ადგილობრივი ვიზიტორების ნაკადმა იმატა. შესაბამისად, ჩვენი სასტუმრო როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრების მხრიდან აქტიურად იჯავშნება. საკმაოდ მრავალფეროვანია სტუმრების სეგმენტი. გვყავს სტუმრები ევროპიდან, ასევე, საკმაოდ ბევრი სტუმარია აზიური ქვეყნებიდან, ისევე როგორც, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს საფასო კატეგორიიდან გამომდინარე, სტუმრების ძირითადი ნაწილი საშუალოზე მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტს განეკუთვნება.
რა თქმა უნდა, უკვე გვაქვს წინასწარი ჯავშნები როგორც უცხოელი, ისე ქართველი სტუმრებისგან", - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელის თქმით, ჯავშნების გარკვეული ნაწილი უკვე 2026 წელსაც მოიცავს.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მათი სტრატეგიული მიმართულება MICE ტურიზმია და მათ სეგმენტში ეს მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
"სასტუმრო "ბოდბე” თავისი ინფრასტრუქტურით, კონვერტირებადი ღონისძიებების სივრცითა და F&B აუთლეთების მრავალფეროვნებით იდეალურ შესაძლებლობებს ქმნის კორპორატიული ჯგუფების მისაღებად", - აღნიშნა სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - უახლოეს პერიოდში სასტუმროს ტერიტორიაზე დაემატება: "პიცა ბარი" ღია აუზის სივრცეში პადელის მოედანი და ახალი რესტორანი.
"პადელის მოედანი ჩვენს სტუმრებს ახალ სპორტულ აქტივობას შესთავაზებს. რაც შეეხება ახალ რესტორანს - ეს მთლიანად კახურ ტრადიციულ სამზარეულოს დაეთმობა და სასტუმროს ძირითადი შენობისგან დამოუკიდებელ სივრცეში განთავსდება", - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
ცნობისთვის, სასტუმრო "ბოდბე" არის ახალი ქართული ბრენდის, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმრო, რომელიც სიღნაღში მდებარეობს და განსაკუთრებული მდებარეობით გამოირჩევა. სასტუმროს თითოეული წერტილიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება ალაზნის ველზე, კავკასიონზე და თავად ქალაქ სიღნაღზე.
სატუმროში წარმოდგენილია 5 კატეგორიის 132 ოთახი, განსხვავებული კონცეფციის ბარები და რესტორნები, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სამზარეულოთი. გარდა ამისა, ღიონისძიებების მასშტაბური, კონვერტირებადი სივრცე, სპა და ველნეს ცენტრი საპროცედურო ოთახებით და შიდა და გაურე აუზით. სასტუმროში ამ ეტაპზე დასაქმებულია 250-მდე ადამიანი და მათი უმრავლესობა ადგილობრივი კარდია.