თბილისში, ლისის ტბაზე მდებარე სადღესასწაულო სივრცის Lisi Kids • ლისი ქიდს-ის დამფუძნებლის, თამარ შამანაურის ინფორმაციით, წინასწარი ჯავშნების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, კერძოდ, ივნისის თვის დაახლოებით, 40% დაკავებულია. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" თამარ შამანური აღნიშნავს, უკვე მეორე წელია კომპანია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება ყოველწლიურად მატულობს.
მისივე თქმით, წინ აქტიური სეზონია მოსალოდნელი, სტუმრები კი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე უცხოელები არიან.
"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბავშვთა გასართობი 2 ცენტრიც გვაქვს, სადღესასწაულო სივრცეს, რაც შეეხება - მოთხოვნიდან გამომდინარე გავაკეთეთ და უკვე 2 წელია, რაც საბავშვო წვეულებებისთვის სივრცე ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ამასთან, სივრცე 1-დან 14 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
წინასწარი ჯავშნები საკმაოდაა, ამ ეტაპზე დაახლოებით, ივნისის თვის 40% დაკავებულია. ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი 80% ადგილობრივ მოსახლეობაა, 20% უცხოელებზე მოდის. სივრცეში, ვცდილობთ, რომ სხვებისგან განსხვავებული გასართობი პროგრამა გვქონდეს. მაგალითად, ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც დინამიკს, მიკროფონს არ გამოიყენებენ და ზოგადად, გასართობ პროგრამაში აქცენტები შემეცნებით ხასიათზეა გაკეთებული, მაგალითად, "ვორკშოპებს" ვაკეთებთ. უცხოელი მომხმარებლები, როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე რუსეთიდან გვყავს", - აღნიშნავს სადღესასწაულო სივრცის დამფუძნებელი.
თამარ შამანაურმა წვეულების ღირებულების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღირებულება 900 ლარიდან იწყება და დაახლოებით, 5 000 ლარამდე მერყეობს.
"გარკვეული სახის ტენდენცია გვაქვს - მომხმარებლების ძირითადი ნაწილი უპირატესობას 1500 ლარიან წვეულებას ანიჭებს. ამ ეტაპზე, გაფართოების გეგმა არ გვაქვს, რადგან მსგავსი სივრცეების შექმნა და შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება. შემდეგ თვეებში დადებით ტენდენციებს ველოდებით. წვეულების სივრცე 2 წელია, რაც გვაქვს და შარშანდელთან შედარებით ინტერესი გაზრდილია.
ამასთან, მარკეტინგის კონტექსტით რომ გესაუბროთ - ჩვენი მარკეტინგული კამპანია დადებით, კმაყოფილ მომხმარებელს უკავშირდება. დასაქმებული დაახლოებით, 8 ადამიანი მყავს, საკვებს, რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიასთან ვთანამშრომლობ, რომლებიც ბავშვებს ჯანსაღ მენიუს უმზადებს", - აცხადებს თამარ შამანაური.
ცნობისთვის, თბილისში, ლისის ტბაზე მდებარე სადღესასწაულო სივრცე Lisi Kids • ლისი ქიდს-ი ბაზარზე 2 წელია, რაც ოპერირებს.