logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ტურიზმის სფეროში ყველაზე დიდი პრობლემა ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა" - ზურაბ პოლოლიკაშვილი

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს ტურიზმის სფეროშია, ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, ფასები 30-40%-ით, ზოგ შემთხვევაში კი, 50%-ით არის გაზრდილი. ძირითადად, ეს ზრდა ავიაბილეთებსა და სასტუმროებს უკავშირდება, რაც მოგზაურობისას, ხარჯების ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

„ეს ზრდა გამოწვეულია მოთხოვნით და მიწოდების დეფიციტით, რაც კოვიდის პანდემიის დროს დაწყებული კრიზისის შედეგია, ვინაიდან, კოვიდის დროს, სამი წლის განმავლობაში ადამიანები ვერ მოგზაურობდნენ, ახალი თაობები რეალურად, თვითმფრინავში არ მსხდარან და აღდგენის შემდეგ, ყველას ერთად მოუნდა მოგზაურობა. ეს სტატისტიკაც გვაქვს - 95%-ით უკვე აღდგა ქვეყნებს შორის მიმოსვლა და გაჩნდა მოთხოვნა. იმდენად მაღალია მოთხოვნა, მიწოდება ვერ ახერხებს დაკმაყოფილებას, აქედან გამომდინარე, ფასები ძალიან გაიზარდა.

ალბათ, ეს დარეგულირდება მომავალი ორი-სამი წლის მანძილზე. ჩინეთი ერთი წელია გაიხსნა. ძალიან გააქტიურდნენ არაბული ქვეყნები და გარკვეულწილად გადანაწილება და გადახალისება ხდება ბაზრების“ -  ამბობს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ, სწრაფი აღდგენის პარალელურად, ტურიზმის სფეროში კადრების პრობლემა გაჩნდა.

„ეს განსაკუთრებით იგრძნობა ევროპაში, სადაც ძალიან დიდი ნაკადი იყო ემიგრანტების. როდესაც მათ დაკარგეს სამსახურები, ძალიან დიდ ნაწილს მოუწია სახლში დაბრუნება და შემდეგ, უკან ვეღარ მიბრუნდნენ. ამიტომ, აღდგენის შემდეგ გაჩნდა დეფიციტი.

თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამის მხარდასაჭერად, არის ადგილობრივი კადრების გადამზადება, განათლების მხარდაჭერა. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის განათლება - ამიტომ, ჩვენ გავხსენით რამდენიმე საერთაშორისო ცენტრი და აკადემია ერ-რიადში, უზბეკეთსა და მადრიდში. ვხსნით დომინიკის რესპუბლიკაში, მაროკოში, ბრაზილიაში და ასე, ეტაპობრივად გვინდა, რომ ყველა კონტინენტსა და ყველა რეგიონში გვქონდეს საგანმანათლებლო ცენტრი. ადგილობრივი კადრების და რესურსების გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ ხვალ ეს რისკი და ეს პრობლემა აღარ დადგება, რადგან გადაზღვეული იქნება ადგილობრივი, მომზადებული პერსონალით“ - ამბობს ზურაბ პოლოლიკაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში.

მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიებას საქართველომ პირველად უმასპინძლა. ტურიზმის მსოფლიო დღეს ორგანიზაცია 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს. ღონისძიება გახსნა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომელიც ამ პოსტზე მეორე ვადით 2021 წელს აირჩიეს.

გამოგვყევით