logo
Loading data...

"ზაფხულის სეზონზე ძირითადად, შიდა ტურიზმზე ვიმუშავებთ" - "პანორამა ბახმარო"

"ზაფხულის სეზონზე ძირითადად, შიდა ტურიზმზე ვიმუშავებთ" - "პანორამა ბახმარო"

1714376308

ბახმაროში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად, სასტუმრო ბიზნესის ნაწილს ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვს. 

როგორც სასტუმრო "პანორმა ბახმაროს"  დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი კეჭაყმაძე "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,ზაფხულის სეზონზე ძირითადად შიდა ტურიზმზე იმუშავებს, რადგან მაისი - სექტემბრის პერიოდში კურორტს ძირითადად, ადგილობრივი დამსვენებელი სტუმრობს. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, 2023 წელს ადგილობრივი დამსვენებლების დიდი სიმცირე იყო, თუმცა,  გიორგი კეჭაყმაძის თქმით, წელს პრობლემა მოგვარდა. შესაბამისად, მოლოდინია, რომ მოთხოვნა  გააქტიურდება. 

რაც შეეხება უცხოელ ტურისტს, "პანორამა ბახმაროს" დამფუძნებლის ინფორმაციით, კურორტს ძირითადად, ზამთრის სეზონზე სტუმრობენ. გზასთან დაკავშირებული პრობლემა კი სასტუმრომ თვითონ მოაგვარა და მომხმარებელს სპეციალური ტრანსპორტი, ე.წ. თოვლმავალი შესთავაზა, რაც ზამთრის  სეზონის განმავლობაში მუშაობდა ბახმაროში.  

''პანორამა ბახმაროს" დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ ზაფხულის სეზონზე სასტუმრო სრულად დაიტვირთება. ზამთარში ეს მაჩვენებელი 70%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება სერვისებს, დაწყებულია მუშაობა და დამსვენებლებს წელს პირველად საცხენოსნო ტურებს შესთავაზებენ. ამასთან, სასტუმროს სერვისს  სპა, საუნა და გარე ჯაკუზი დაემატა. საინვესტიციო ღირებულება  €20 000 -ია.

საცხენოსნო ტურები ძირითადად შემეცნებითი იქნება, რომლის ფარგლებშიც დამსვენებლებს შეეძლებათ ბახმაროს ირგვლივ დაათვალიერონ საიალაღო ფერმები,  მოიარონ ტერიტორია ცხენებით და ადგილობრივ ყოფა-ცხოვრებას გაეცნონ.  ახალი სერვისი უმეტესად ევროპულ სეგმენტზეა გათვლილი. პროექტი მთლიანად ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობით განხორციელდება. თუმცა ზაფხულში მთავარი აქცენტი შიდა ტურისტებზე გაკეთდება.

‘’საკმაოდ კარგ სეზონს ველოდებით, ბახმარო ძალიან პოპულარული გახდა და მომხმარებლებს უკვე ორივე სეზონზე ვიღებთ. წინასწარ თქმა გამიჭირდება, მაგრამ მოლოდინი ნამდვილად საუკეთესოა, ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ სასტუმრო სრულად დაიტვირთოს. ზაფხულში კურორტს, უნიკალური კლიმატის გამო ადგილობრივი დამსვენებლები ძირითადად ოჯახებით, ბავშვებთან ერთად სტუმრობენ. თუმცა ტურისტებს უცხოური ქვეყნებიდანაც, განსაკუთრებით ევროპიდან ველოდებით“, - აცხადებს გიორგი კეჭაყმაძე.

მისი ინფორმაციით, სერვისთან ერთად, აქცენტი კვების მიმართულებაზე კეთდება და მომხმარებლებს ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან.  კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს.

ცნობისთვის, ,,პანორამა ბახმარო"  2022 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირებს. სასტუმრო 29 ნომრისგან შედგება. სასტუმრო დამსვენებლებს აქტიურად მაისიდან მიიღებს.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით