საქართველოს არქიტექტორთა კავშირი დადებითად აფასებს სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, არქიტექტურული პროექტების შესყიდვა ტენდერების ნაცვლად, კონკურსების გზით მიმდინარეობს.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, დავით აბულაძე აღნიშნავს, არქიტექტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვის კონკურსების გზით განხორციელება სექტორს უფრო მაღალი ხარისხითა და მონაწილეობის ინტენსივობით უზრუნველყოფს.
დავით აბულაძე უშუალოდ სფეროში მიმდინარე გამოწვევების შესახებაც საუბრობს და ხაზგასმით ამბობს, რომ არქიტექტურული პროექტების შესყიდვა ათეული წლებია ტენდერების გზით მიმდინარეობს, აღნიშნულმა პროცესმა კი არქიტექტორებში გარკვეული სახის უნდობლობა ჩასახა. კერძოდ, ტენდერი შეჯიბრობითობის პრინციპს ზღუდავს და გამორიცხავს კიდეც.
"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ინტერაქციული შეხვედრა გვქონდა - სხვადასხვა, ასაკის არქიტექტორები ესწრებოდნენ. ზოგადად, მივესალმებით, რომ არქიტექტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვა არა ტენდერების, არამედ კონკურსების გზით ინტენსიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, კონკურსები არქიტექტურული პროექტების სპეციფიკური შესყიდვაა, კერძოდ, ტენდერის ალტერნატიული ვარიანტი გახლავთ. აღნიშნული არქიტექტურულ ხარისხს, მონაწილეობის ინტენსივობას მეტად უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის ხედვა მისასალმებელია.
რაც შეეხება სექტორში მიმდინარე გამოწვევებს - სფეროს სპეციალისტები არქიტექტურული პროექტების შესყიდვას ტენდერების გზით არ ენდობოდნენ, რადგან აღნიშნული მიმართულებით პროექტის შესყიდვა ნიშნავს, სხვადასხვა, სერვისებს შემსყიდველ ორგანიზაციას ვინ უფრო იაფად მიაწვდის. გარკვეული უნდობლობა ვლინდებოდა, ამიტომ გუშინდელი შეხვედრა ამ კუთხით მნიშვნელოვანი გახლდათ, პირველი პირისგან მოისმინეს, სამინისტროს პროცესების მიმართ რა მიდგომა აქვს. რთულია ამ მენტალობის დარღვევა, რაც ათეული წელი იყო, მაგრამ ორივე მხარე ვეცდებით პროცესი დადებითი დინამიკით წარიმართოს", - აცხადებს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე.
დავით აბულაძე უშუალოდ ინფრასტრუქტურის მინისტრის მიდგომებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რევაზ სოხაძის ინიციატივები მისასალმებელია, ზოგად ჭრილში, კი მხარეებს შორის დისკუსია ხშირად მიმდინარეობს.
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ეს პირველი შეხვედრა არ იყო. მივესალმები, რომ რეზი სოხაძე პროფესიონალებს უსმენს და ჩვენთან ერთად მსჯელობს. ერთად საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ. პირველი - სახელმწიფო ტენდერები, რომ ჩანაცვლდა სახელმწიფო შესყიდვით კონკურსების გზით კარგი მომენტია, აღნიშნულ თანამდევ პოზიტიურ შედეგებს გამოიწვევს. მათ შორისაა: ხარისხიანი არქიტექტორის შესყიდვას, კვალიფიკაციის ამაღლებას და ა.შ.", - აღნიშნავს სექტორის თავმჯდომარე.
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე სფეროში კადრების დეფიციტის საკითხსაც მიმოიხილავს - დავით აბულაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არქიტექტურული განათლების პროგრამებს დაახლოებით 11 სხვადასხვა, უნივერსიტეტი ახორციელებს, ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტი მაინც საგრძნობია.
"კადრების დეფიციტი, რომ მიმოვიხილოთ ვერ ვიტყვი, რომ საგანმანათლებლო სისტემა ადგილობრივ ბაზარს კადრებს არ აწვდის, მაგრამ კადრების კვალიფიკაციის საკითხს ვაწყდებით. შორს რომ არ წავიდეთ, ადრეულ პერიოდში ახალგაზრდა, როდესაც სწავლას ამთავრებდა, საპროექტო ინსტიტუტებში კვალიფიცირდებოდა. ამჟამად, ქვეყანაში საპროექტო ინსტიტუტები არ გვაქვს. კერძო, მსხვილი საპროექტო სტუდიები, უნდა გვქონდეს, სადაც სფეროს მომავალი წარმოდგენილები გამოცდილ არქიტექტორებთან თანამშრომლობას შეძლებენ.
მოკლედ, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები უნდა არსებობდეს, შემდეგ მიღებული კვალიფიკაციის შეფასების პროცედურა უნდა გვქონდეს, დაბოლოს, აღნიშნული კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და განვითარების პრაქტიკა უნდა შევქმნათ - ეს ყველაფერი ერთმანეთთან ჯაჭვურადაა გადაბმული. განათლება და პრაქტიკა, აღნიშნული კუთხით ხარვეზები გვაქვს", - აცხადებს დავით აბულაძე.
ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ შეხვედრა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
დისკუსიის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს, როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში არქიტექტორების აქტიურ მონაწილეობაზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პროექტებში არქიტექტორთა უფრო ფართო ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაც სახელმწიფო პროექტების მაღალი ხარისხის მიღწევას შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ არქიტექტორების მონაწილეობა ბაზრის კვლევებში აუცილებელია, რათა პროექტების ბიუჯეტირება სწორად და სამართლიანად განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირი წარმოადგენს არქიტექტორთა საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც 700-ზე მეტ წევრს აერთიანებს.