logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ბევრი მექანიზმი დაინერგა, რაც სამშენებლო კონტროლის გაძლიერებას უკავშირდება" - გოგი ჩიქოვანი

სამშენებლო სექტორის კონტროლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. როგორც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, დედაქალაქში ბევრი მექანიზმი დაინერგა, რაც სამშენებლო კონტროლის გაძლიერებას უკავშირდება.

გოგი ჩიქოვანის ინფორმაციით, ყველა ეტაპზე სამშენებლო კომპანია ვალდებულია წარადგინოს დასკვნები, რომ სამშენებლო პროცესი სწორად მიმდინარეობს. 

"თბილისის მერიამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წარვადგინეთ. მოგეხსენებათ, ჩვენთვის სამშენებლო საქმიანობის კონტროლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ერთი მხრივ, მშენებლობა და სამშენებლო სექტორი ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს: ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. აუცილებელია სამშენებლო პროცესი სტანდარტებთან შესაბამისად  წარიმართოს, ასევე უსაფრთხოების ნორმები უნდა დავიცვათ.

დაინერგა ბევრი მექანიზმი, რაც სამშენებლო კონტროლის გაძლიერებას უკავშირდება. ასევე დაინერგა სამშენებლო ეტაპების კონტროლის მექანიზმი. კერძოდ, ყველა ეტაპზე სამშენებლო კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს დასკვნები, რომ სამშენებლო პროცესი სწორად მიმდინარეობს. ასევე საბოლოო ჯამში, მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩვენი სამსახური (მუნიციპალური ინსპექცია) ექსპლუატაციაში მიღებას ახორციელებს", - აღნიშნავს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი.

გოგი ჩიქოვანი დარღვევების შესახებაც დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მუნიციპალური ინსპექცია სამშენებლო კომპანიების საქმიანობას აქტიურად ამოწმებს.

"რაც შეეხება დარღვევებს, ისეთი ტიპის დარღვევები, რომლებიც მდგრადობას და კონსტრუქციას უკავშირდება, შეიძლება მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი იყოს. ხშირ შემთხვევაში კომპანიები გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებენ და ჩვენი მხრიდან გადამოწმების საჭიროება ხდება. წლების წინ გარკვეული დარღვევების გამო პრობლემა იქმნებოდა - სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება ვერ ხდებოდა. აღნიშნული ბევრ პრობლემას ქმნიდა, განსაკუთრებით მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებთან მიმართებით", - აცხადებს გოგი ჩიქოვანი.

შეგახსენებთ,დედაქალაქის მერია დეველოპერებს ახალ სერვისს სთავაზობს - სამშენებლო დარღვევების  მაქსიმალური პრევენციის მიზნით, კომპანიებს უშუალოდ მშენებლობის პროცესში შეეძლებათ მიმართონ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას და სამშენებლო ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობა გადაამოწმონ.

გამოგვყევით