საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მერაბ ბოლქვაძე არქიტექტურული პროექტების კონკურსების გზით შესყიდვის ინიციატივას "ბიზნესპარტნიორთან" დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ იდეა და პროექტი უნდა შეეჯიბროს ერთმანეთს და არა ფასი.
"არქიტექტურული პროექტების კონკურსების გზით შესყიდვას დადებითად ვაფასებ, რადგან სადაც კონკურენციაა განვითარებაც იქ არის. ეს ყველაფერი, როგორც ტენდენცია კარგია. აღნიშნული ხაზი ორგანიზაციულად და მეთოდოლოგიურად დასახვეწი იქნება, მაგრამ ტენდერი არქიტექტორულ პროექტებზე არასწორია, უფრო სწორი გზა კონკურსია. რაც შეეხება ფასს - ერთ-ერთი ბოლო პოზიცია გახდება. ბევრი ტენდერი გვქონია, ფასით მოიგეს და შემდეგ ვერც ასრულებენ", - აღნიშნავს პროფესორი.
თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორის ინფორმაციით, კონკურსები უკვე დაიწყება, ხოლო საკონკურსო პირობებს კარგი იქნება, თუ არქიტექტორები და ქალაქმშენებლები შეადგენენ.
"შეხვედრებს დავესწარი და როგორც ვიცი, კონკურსების დაწყებას უკვე აპირებენ. როგორც ჩანს, ახლა საკონკურსო პირობებს შეიმუშავებენ და გამოაცხადებენ კიდეც. საკონკურსო პირობები რას მოიცავს, ამ ეტაპზე ვერ დაგიკონკრეტებთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული სახის პირობები არქიტექტორებმა ქალაქმშენებლებმა უნდა შეადგინონ, რადგან კარგი დავალება პროექტის კარგ ხარისხს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ საპროექტო მოცემულობის შედგენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - აცხადებს პროფესორი.
მერაბ ბოლქვაძე კადრების დეფიციტზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ქალაქმშენებლობის დარგის სპეციალისტები დღეს პრობლემატურ საკითხად რჩება.
"30 წელზე მეტია ლექტორი ვარ, უფრო პრობლემა ქალაქმშენებლობის დარგის სპეციალისტებზე გვაქვს. არქიტექტორები საკმაოდ გვყავს. ზოგადად, კონკურენცია თუ გვექნება ძალიან კარგია, საუკეთესო არქიტექტორები კონკურსის პირობებში უნდა გამოვლინდნენ", - აღნიშნავს მერაბ ბოლქვაძე.
ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრებთან შეხვედრა გასულ კვირას გაიმართა.
დისკუსიის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს, როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში არქიტექტორების აქტიურ მონაწილეობაზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პროექტებში არქიტექტორთა უფრო ფართო ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაც სახელმწიფო პროექტების მაღალი ხარისხის მიღწევას შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ არქიტექტორების მონაწილეობა ბაზრის კვლევებში აუცილებელია, რათა პროექტების ბიუჯეტირება სწორად და სამართლიანად განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირი წარმოადგენს არქიტექტორთა საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც 700-ზე მეტ წევრს აერთიანებს.