კომპანია LINO HOME, რომელიც მომხმარებლებს აბრეშუმის ბალიშის პირებს და საძილე თვალის ნიღბებს სთავაზობს, ადგილობრივ ბაზარზე 3 თვიანი ოპერირების შემდეგ ასორტიმენტის ხაზს აფართოებს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, ია მთიულიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ამჟამად არსებულ პროდუქციას, სავარაუდოდ, მარტის თვეში შარფები, ღამის პერანგები და საბავშვო ხაზის მიმართულება დაემატება. ამასთან, ბიზნესს იდეის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე, უცნობია.
ია მთიულიშვილის თქმით, LINO HOME-ში ნებისმიერი პროდუქტი მაღალი ხარისხისაა და ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტურ სეგმენტს ავსებს.
"მაღალხარისხიანი აბრეშუმის პოვნა საკმაოდ რთულია, აქედან გამომდინარე მომხმარებლებმა დადებითად მიგვიღო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ხაზი "ლაქშერ" პროდუქტად მიიჩნევა, თუმცა ვცდილობთ, რომ მყიდველებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ცხადია, ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროდუქცია არსებობს, თუმცა მაღალ ფასშია და დეფიციტური გახლავთ.
ასორტიმენტის გაზრდის საინვესტიციო ღირებულება რამდენი იქნება, ვერ დაგიკონკრეტებთ, რადგან ყველაფრის დაანგარიშება ამ ეტაპზე, მიმდინარეობს. გაფართოებას მოთხოვნიდან გამომდინარე ვგეგმავთ, განსაკუთრებით დიდი ყურადღება საბავშვო ხალათებმა გამოიწვია. საბავშვო ხაზის მიმართულებით 2 ახალი პროდუქტი გვექნება: ხალათები და ბალიშის პირები, რომლებიც ასაკთან შესაბამისი ორნამენტებით იქნება გაფორმებული", - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ია მთიულიშვილი უშუალოდ პროდუქციის შესახებ საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპზე, პროდუქტი უკვე შეკერილი და სარეალიზაციოდ გამზადებული ჩინეთიდან ჩამოაქვს.
"სამომავლოდ, გვინდა რომ ნედლეული შევიძინოთ და პროდუქცია თბილისში თავად ვაწარმოოთ, თუმცა აღნიშნული შორეული პერსპექტივაა. ფასების დიაპაზონს, რაც შეეხება 50-დან 200 ლარამდე მერყეობს, რაშიც უფასო საკურიერო მომსახურება შედის. წინა თვესთან შედარებით, მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება საგრძნობლად გაიზარდა. ძირითადად მოთხოვნა ბალიშის პირებზეა. გაყიდვების მიმართულებას, რაც შეეხება დაახლოებით, წინა თვეში (სექტემბერი) 10-მდე საცალო პროდუქტი გავყიდეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოცულობა გაიზრდება", - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
ია მთიულიშვილი სოციალურ ქსელში სწორი მარკეტინგის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიურ ეპოქაში მყიდველს პროდუქცია მაქსიმალურად ლამაზი ვიზუალით და სწორი კუთხით უნდა შესთავაზო.
"სოციალურ ქსელში აქტიურ მარკეტინგულ ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ჩვენც მიმდინარე ტენდენციას აქტიურად მივყვებით - რეკლამას აქტიურად ვაკეთებთ. გვინდა მომხმარებლებს აბრეშუმის ნაწარმის დადებითი მხარეები დეტალურად გავაცნოთ", - აცხადებს LINO HOME-ის წარმომადგენელი.
კომპანიის თანადამფუძნებელი უცხოურ დაბალბიუჯეტურ ონლაინ პლატფორმებს, მაგალითად, TEMU-ს მიმართულებასაც ეხება და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ უცხოურ კომპანიას კონკურენტად არ განიხილავს.
"რაც შეეხება, უცხოურ ონლაინ პლატფორმებს, მაგალითად, TEMU - ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, რადგან ვთანამშრომლობთ ქარხნებთან, რომლებსაც ავტორიზაცია გავლილი აქვთ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არიან და რაც მთავარია, პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ Oeko Standard-ისაა (ექსკლუზიური სიმბოლო, ან სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავს). შესაბამისად, ყველაზე მთავარი უსაფრთხოების გარანტია გვაქვს და მაგალითად, TEMU-ს კონკურენტად ვერ ჩავთვლით. მოგეხსენებათ, ჩვენი პროდუქტი - აბრეშუმი სახის კანისთვის და თმისთვის ძალიან კარგი შემადგენლობისაა ჰიპოალერგიულია, რაც ნებისმიერი ასაკისთვის უსაფრთხო და სასურველია", - აღნიშნავს ია მთიულიშვილი.
ცნობისთვის, კომპანია LINO HOME, რომელიც მომხმარებლებს აბრეშუმის ბალიშის პირებს და საძილე თვალის ნიღბებს სთავაზობს ადგილობრივ ბაზარზე 3 თვეა ოპერირებს. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ახდენს.