მთავრობა უცხოელებისთვის მიგრაციულ წესებს ამკაცრებს. ცვლილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
კანონპროექტით, საქართველოში ახალი D6 კატეგორიის ვიზა შემოდის. ის არასრულწლოვან უცხოელ მოსწავლეებსა და სტუდენტებზე გაიცემა, რომლებიც საქართველოში სწავლას გეგმავენ. ვიზის მიღებას არა მხოლოდ მოსწავლეები და სტუდენტები შეძლებენ, არამედ მათი ოჯახის წევრებიც. ამ კატეგორიის ვიზა ერთწლიანი იქნება, თუმცა მისი გაგრძელება შესაძლებელი გახდება სწავლის დასრულებამდე ან არასრულწლოვანის სრულწლოვანების მიღწევამდე.
ასევე, ცვლილებით, თუ უცხოელ სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება და 45 დღის განმავლობაში არ აღუდგება, ან საჭირო კრედიტების მინიმალურ რაოდენობას ვერ დააგროვებს, შესაძლოა საქართველოში ყოფნის უფლება შეუწყდეს. სასწავლო ბინადრობის გაუქმების საფუძველი გახდება ის შემთხვევაც, როდესაც პირი რეალურად არ სწავლობს და სტატუსს მხოლოდ ქვეყანაში დარჩენის მიზნით იყენებს.
გარდა ამისა, ფართოვდება უცხოელთა გაძევების საფუძვლები. უცხოელი შესაძლოა ქვეყნიდან გააძევონ, თუ ის მუშაობს შესაბამისი ნებართვის გარეშე ან არღვევს შრომითი საქმიანობისთვის დადგენილ პირობებს. ცვლილების თანახმად, უნებართვოდ დასაქმება ან შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დარღვევა გახდება როგორც საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის, ისე უცხოელის გაძევების სამართლებრივი საფუძველი. ასეთ შემთხვევებში უცხოელი შესაძლოა დააკავონ და დროებითი განთავსების ცენტრშიც გადაიყვანონ, გაძევების პროცედურების დასრულებამდე.